დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 15 მაისი
მორატას შეძენას “არსენალიც” შეეცდება
ლონდონის “არსენალი” მზადაა ალვარო მორატას შესაძენად იბრძოლოს. “სანის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “რეალის” თავდამსხმელის დამატება “მანჩესტერ იუნაიტდსა” და “ჩელსისაც” სურთ.
ესპანელ ფეხბურთელს “სამეფო კლუბში” სასტარტო შემადგენლობაში ხშირად მოხვედრა უჭირს, ამიტომ მისი გუნდიდან წასვლა რეალურია.
მაჰრეზი “ბარსელონაში”?
Daily Star-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რიად მარეზის შეძენა კატალონიის “ბარსელონას” სურს.
წყაროს ცნობით, გუნდის დატოვება თავად ალჟირელ ფეხბურთელსაც უნდა.
“ატლეტიკო” სუსოთი დაინტერესდა
იტალიური გამოცემა Tuttosport იტყობინება, რომ “მილანის” შემტევის, სუსოს მიმართ ინტერესს მადრიდის “ატლეტიკო” იჩენს.
23 წლის ფეხბურთელი ამჟამად “როსონერისთან” ახალი კონტრაქტის დეტალებზე მოლაპარაკებებს მართავს. თუმცა, ცნობილი ხდება, რომ “ატლეტიკოს” წარმომადგენლები სუსოს თაობაზე “მილანის” სპორტულ დირექტორს უკვე ესაუბრნენ.
მესის “ბარსელონაში” დემბელეს ხილვა სურს
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლიონელ მესის “ბარსელონაში” დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელის, უსმან დემბელეს ხილვა სურს.
არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა კალატალონიური კლუბის ხელმძღვანელობას დემბელეს ზაფხულში შეძენა ურჩია.
“ბაიერნი” ზაფხულში 100 მილიონი ევროს დახარჯვას გეგმავს
ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Welt ირწმუნება, რომ მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას გეგმავენ.
წყაროს ცნობით, ხელმძღვანელებმა ხუთკაციანი სია შეადგინეს, რომელთა ტრანსფერებიც დაახლოებით 100 მილიონი ევრო უნდა დაჯდეს.
სიაში შემდეგი ფეხბურთელები მოხვდნენ: ალექსის სანჩესი (“არსენალი”), ლეონ გორეცკა (“შალკე”), გნაბრი (“ვერდერი”), იულიან ბრანდტი (“ლევერკუზენი”) და მარკო ვერატი (“პსჟ”).