დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 16 აგვისტო
ლოვრენის “რომაში” ტრანსფერი არ შედგება
Goal.Com-ის ცნობით, დეიან ლოვრენის “რომაში” ტრანსფერი აღარ შედგება.
იტალიურ კლუბს ხორვატი მცველის შეძენა სურდა, თუმცა “ლივერპულთან” შეთანხმება არ შედგა. რომაელები მზად იყვნენ ლოვრენის სანაცვლოდ 15 მილიონი ფუნტი გადაეხადათ.
ორიე “მილანში”?
იტალიური მედიის ცნობით, ანდრეა კონტი “მილანს” დატოვებს და ბრემენის “ვერდერში” გადაბარგდება. “როსონერი” მის შემცვლელად “ტოტენჰემის” მარჯვენა მცველს, სერჟ ორიეს განიხილავს.
ორიმ პრემიერ ლიგის გასულ სეზონში მხოლოდ 8-ჯერ ითამაშა. დიდია ალბათობა, რომ მან კლუბი შეიცვალოს.
“პარი სენ-ჟერმენის” ნეიმარის სანაცვლოდ კოუტინიო და დემბელე სურს
Diario Sport-ის ინფორმაციით, “პარი სენ-ჟერმენი” ნეიმარს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაასხვისებს, თუ მის სანაცვლოდ კოუტინიოსა და დემბელეს მიიღებს.
ცნობილია, რომ პსჟ ნეიმარს 222 მილიონ ევროდ აფასებს.
სად ითამაშებს ლევან შენგელია?
თბილისის “დინამოს” თავდამსხმელმა, ლევან შენგელიამ “ფეიენოორდთან” გამართული მატჩის შემდეგ დაადასტურა, რომ ის კლუბს მალე დატოვებს.
როგორც ცნობილი ხდება, მისით ესპანური კლუბები – “კადისი” და “ტენერიფე” არიან დაინტერესებულნი. ასევე, მისი შეძენის სურვილს თურქეთის სუპერლიგის “ქონიასფორი” გამოთქვამს.
“მანჩესტერ იუნაიტედს” კულიბალის ტრანსფერი ჩაეშალა
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისში, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს “მანჩესტერ იუნაიტედი” 82 მილიონ ფუნტ სტერლინგად “ნაპოლის” ცენტრალური მცველის, კალიდუ კულიბალის შეძენას ცდილობდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.