დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 16 მაისი
ლევან ყენია “ლოკომიტივში” დაბრუნდა
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ლევან ყენია თბილისის “ლოკომოტივის” ფეხბურთელია. 26 წლის ნახევარმცველმა, ლოკომოტივთან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.
10 წლის წინ, ლევანი გელზენკირხენის “შალკეში” სწორედ “ლოკომოტივიდან” გადავიდა. გერმანულ კლუბში მან 2012 წლამდე ითამაშა, იმავე წლის აგვისტოში კარიერა ლვოვის “კარპატში” გააგრძელა.
შჩესნი: “არსენალში” სიამოვნებით დავბრუნდებოდი”
იტალიური “რომას” მეკარემ, ვოიცეხ შჩესნიმ განაცხადა, რომ ის რომაელთა რიგებში თავს კარგად გრძნობს, თუმცა “არსენალშიც” სიამოვნებით დაბრუნდებოდა.
“რომაში” ბედნიერი ვარ. აქ კარიერის რთულ მომენტში მოვედი და თავის გამოჩენა ისევ შევძელი. არაერთხელ მითქვამს, რომ “არსენალი” ჩემს გულშია, იქ დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი”, – უთხრა პოლონელმა BT Sport-ს.
კოუტინიო: “ბარსელონას” ინტერესი? ძალიან სასიამოვნოა”
მერსესაიდული “ლივერპულის” ლიდერმა, ფილიპე კოუტინიომ მისდამი “ბლაუგრანას” ინტერესის არსებობაზე ისაუბრა.
“ძალიან სასიამოვნოა, როდესაც შენით ისეთი დონის კლუბია ინტერესდება, როგორიც “ბარსელონაა”. ეს ძალიან მაგარი რამ არის. “ბარსელონა” მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ჯერჯერობით ჩემთან არავინ მოსულა. ჩემამდე კი გადაწყვეტილება მწვრთნელმაც უნდა მიიღოს.
“ლივერპულთან” კონტრაქტი მაკავშირებს, თანაც საკმაოდ კარგი შანსი გვაქვს, რომ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშოთ, რაც მართლაც რომ დიდებული იქნება,” – აცხადებს ბრაზილიელი ნახევარმცველი.
“რეალი” ხამესს 75 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედი” ხამეს როდრიგესის შეძენასთან ძალიან ახლოსაა.
Marca-ს ცნობით, მადრიდის “ღეალი” კოლუმბიელ ფეხბურთელს 75 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის.
მოდრიჩი ისევ ინგლისში?
Diario Gol-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულში ლუკა მოდრიჩის შეძენას “ჩელსი” და “არსენალი” შეეცდებიან.
შეგახსენებთ, რომ ხორვატი ნახევარმცველისათვის ინგლისში თამაში უცხო არ არის. წლების მანძილზე, ის სწორედ ლონდონში, “ტოტენჰემის” ღირსებას იცავდა.