დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (17 აგვისტო)
ჰარტი კვლავ არ ათამაშეს; Marca-მ უკვე შეთანხმებულიაო
პეპ გვარდიოლამ ჯო ჰარტს “მანჩესტერ სიტის” კარი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველი ეტაპის მატჩშიც არ ანდო, რაც კიდევ უფრო რეალურს ხდის იმ ფაქტს, რომ კლაუდიო ბრავო “ეტიჰადზე” გადმობარგდება.
ესპანური ტაბლოიდის, Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პეპ გვარდიოლას “სიტიმ” თავის ყოფილ კლუბთან, “ბარსელონასთან” კლაუდიო ბრავოს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.
ზიდანი: “ცესკის დამატებით საქმე კიდევ უფრო გართულდება”
მადრიდის “რეალის” თავკაცი, ზინედინ ზიდანი არ უარყოფს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ცესკ ფაბრეგასი მადრიდულ გრანდს შესთავაზეს, თუმცა ამასთანავე აცხადებს, რომ მისი დამატებით “რეალში” არსებული სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება.
“თუ გუნდში კიდევ ერთ ცენტრალურ ნახევარმცველს მოვიყვანთ, საქმე კიდევ უფრო გართულდება. ცესკი დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ მისი შეძენა წინდახედულ ნაბიჯად ვერ ჩაითვლება.”
ESPN: ფონტესთვის “არსენალიც” იბრძოლებს
ლონდონური “არსენალი” “მანჩესტერ იუნაიტედს” “საუთჰემპტონიც” მცველის, ჟოზე ფონტესთვის ბრძოლაში შეუერთდა. ამ ინფორმაციას ბრიტანული ESPN ავრცელებს.
როგორც იცით, “მეთოფეებმა” ორი ცენტრალური მცველი გაგზავნეს ლაზარეთში (მერტესაკერი და გაბრიელი), რის გამოც ამ ადგილს კალუმ ჩემბერსი იკავებს, რაც არც ისე კარგად გამოსდის.
მუნირმა “პარის სენ-ჟერმენისა” და “შალკეს” ყურადღება მიიპყრო
ფრანგული “პარის სენ-ჟერმენი” და გელზენკირხენული “შალკე” “ბარსელონას” თავდამსხმელის, მუნირ ელ ჰადადის გადაბირებით არიან დაინტერესებულნი. ამ ინფორმაციას მადრიდული Marca ავრცელებს.
20 წლის თავდამსხმელს “კამპ ნოუს” დატოვება ნამდვილად არ უნდა, თუმცა, “ბლაუგრანა” კიდევ ერთი თავდამსხმელის მოყვანას აპირებს. ამ შემთხვევაში კი, მას “ბარსელონას” დატოვება აუცილებლად მოუწევს.
დიკ ადვოკაატი “ფენერბახჩეს” გაწვრთნის
“ფენერბახჩეს” ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე დიკ ადვოკაატი დანიშნეს მას შემდეგ, რაც ორშაბათს გუნდიდან ვიტორ პერეირა გაუშვეს.
“ასეთი დიდი თურქული კლუბის გაწვრთნა მშვენიერი გამოწვევაა, ჩემს ასაკშიც კი.” – აცხადებს ადვოკაატი, რომელიც აქამდე ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა.
Daily Mirror: “ბარსელონა” მოულოდნელი ტრანსფერისთვის ემზადება
ბრიტანულ Daily Mirror-ს თუ დავუჯერებთ, კატალონიური “ბარსელონას” ხელმძღვანელები გუნდში “ვესტ ბრომვიჩის” ვენესუელელი თავდამსხმელის, სალომონ რონდონის მიყვანას აპირებენ.
რონდონის მიზანი კატალონიელთა შემტევი ტრიოს დაზღვევა იქნება. მის ალტერნატივად კი “ნიუკასლ იუნაიტედის” აიოზე პერესი მოისაზრება, ისევე როგორც “როსონერის” კარლოს ბაკა.