დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 17 აგვისტო
მესუთ იოზილი MLS-ში?
Daily Star-ის ცნობით, “არსენალის” ნახევარმცველის, მესუთ იოზილის წარმომადგენლები ვაშინგტონში ჩავიდნენ, სადაც “დისი იუნაიტედთან” მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
არ არის გამორიცხული, მალე გერმანელი ფეხბურთელი MLS-ში ვიხილოთ.
ვალვერდე: “კოუტინიოს წასვლა უნდოდა”
კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ კოუტინიოს ტრანსფერთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა.
“გასული სეზონის დასრულების შემდეგ, კოუტინიოს გუნდის დატოვება უნდოდა. ასეც მოხდა… ის შემოთავაზებას დაეთანხმა და იმედია, ბედნიერია”, – განაცხადა ვალვერდემ “ატლეტიკთან” მარცხის შემდეგ.
ბრაზილიელი ფეხბურთელი “ბაიერნში” ერთწლიანი იჯარით ითამაშებს, ბავარიელებს მისი გამოსყიდვა სეზონის ბოლოს 120 მილიონ ევროდ შეეძლებათ.
“ინტერი” ალექსის სანჩესის ვარიანტს განიხილავს
მას შემდეგ, რაც ედინ ჯეკომ “რომასთან” კონტრაქტი გაახანგძლივა და “ინტერს” მისი ტრანსფერი არ გამოუვიდა, მილანური კლუბი ალექსის სანჩესის ვარიანტს განიხილავს.
იტალიური მედიის ცნობით, “ინტერი” სანჩესის გარდა, ლორენტეს, ანტე რებიჩისა და არკადიუშ მილიკის შეძენაზე ფიქრობს.
“ბარსელონა” და “რომა” რუგანით დაინტერესსდნენ
Tuttosport-ის ცნობით, ტურინის “იუვენტუსის” მცველის, დანიელე რუგანის მიმართ ინტერესს “ბარსელონა” და “რომა” იჩენენ.
გავრცელებული ინფორმაციით, “იუვენტუსის” წარმომადგენლები “ბარსელონას” წარმომადგენლებს შესაძლო ტრანსფერზე უკვე ესაუბრნენ.
“არსენალი” ობამეიანგთან და ლაკაზეტთან კონტრაქტის გახანგძლივებაზე მუშაობს
ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელობას პიერ-ემერიკ ობამეიანგთან და ალექსანდრ ლაკაზეტთან კონტრაქტების გახანგძლივება სურს.
ხელშეკრულებების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ უკვე დაადასტურა.