დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 17 ივლისი
“მილანი” მორატას უახლოვდება
“მილანის” ხელმძღვანელები მადრიდის “რეალის” ესპანელი თავდამსხმელის, ალვარო მორატას გადაბირებასთან ძალიან ახლოს არიან. ამ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport ადასტურებს.
წყაროს ცნობით, 24 წლის ფეხბურთელი უახლოეს მომავალში დაუბრუნდება სერია A-ს, სადაც “იუვენტუსთან” ერთად თამაშობდა.
“არსენალმა” დემბელეს დაადგა თვალი
Daily Star-ის მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით, ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები მუსა დემბელეში ალექსის სანჩესის შემცვლელს ხედავენ, რომელიც დიდი ალბათობით კარიერას “მანჩესტერ სიტიში” გააგრძელებს.
გავრცელებული ცნობების მიხედვით, “მეთოფეები” ალექსისის ტრანსფერიდან დაახლოებით 50 მილიონ ფუნტს მიიღებენ, რაც საკმარისია “სელტიკისა” და მისი ვარსკვლავის გულის მოსაგებად.
ვან დეიკს მხოლოდ “ლივერპულში” უნდა
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დრამატულად განვითარებული მოვლენების მიუხედავად, “საუთჰემპტონის” მცველი, ვირჯილ ვან დეიკი შესაძლოა, მაინც “ენფილდზე” აღმოჩნდეს.
როგორც ცნობილი ხდება, ჰოლანდიელ ფეხბურთელს მხოლოდ “ლივერპულში” სურს კარიერის გაგრძელება და ყველა სხვა შეთავაზების უარყოფას გეგმავს. “წმინდანები” კი მის სანაცვლოდ 60 მილიონ ფუნტს ითხოვენ.
“ჩელსი” აგუეროზე გადაერთო
ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელებმა ბელოტის, რომელუ ლუკაკუსა და ალვარო მორატას ტრანსფერების ჩაშლის შემდეგ ყურადღება “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელზე, კუნ აგუეროზე გადაიტანეს.
As-ის ცნობით, “ქალაქელთა” მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას გუნდიდან არგენტინელი შემტევის გაშვება და მის ნაცვლად ალექსის სანჩესის მოყვანა სურს.
ერერა “ბარსელონაში”?
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე გავრცელდა ხმები, რომ კატალონიის “ბარსელონა” ანდერ ერერას ტრანსფერით ინტერესდებოდა.
ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა ისაუბრა.
“ბარსელონა”? მე “იუნაიტედში” თავს ძალიან ბედნიერად და კომფორტულად ვგრძნობ. არსად წავსლას არ ვაპირებ. მით უმეტეს, ესპანელებისგან არანაირი წინადადება არ წამოსულა.”