დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 17 ივლისი
“მილანი” მოდრიჩის ტრანსფერით ინტერესდება
გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ირწმუნება, რომ “მილანის” ხელმძღვანელობა გუნდის ნახევარდაცვის გაძლიერების მიზნით ლუკა მოდრიჩის ტრანსფერზე მუშაობს.
მადრიდული გრანდი ყოყმანობს ხორვატი ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით. არაა გამორიცხული, ფინანსური მოგების თვალსაზრისით ფლორენტინო პერესმა მოდრიჩის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღოს.
ხამესის საგა “ატლეტიკოში” სრულდება
უახლესი ცნობების თანახმად, მადრიდის “რეალის” კოლუმბიელი ვარსკვლავი, ხამეს როდრიგესი, სულ მალე მოაწერს ხელს ახალ კონტრაქტს “ატლეტიკოსთან”.
შეგახსენებთ, რომ ხამესს აქამდე “ნაპოლიში” გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა საბოლოოდ “ნეაპოლიტანელები” მხოლოდ მის არენდით აყვანაზე იყვნენ თანახმანი, რაც “ბლანკოსის” გეგმებში არ შედის
“არსენალმა” ევერტონის ფასი შეათანხმა
Fox Sport ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც კოპა ამერიკას 2019 წლის გათამაშების აღმოჩენა, ევერტონი, სულ მალე ლონდონის “არსენალის” რიგებში ჩაირიცხება.
ცნობილი ხდება ისიც, რომ “მეთოფეები” “გრემიოს” 23 წლის შემტევში 45 მილიონ ევროს გადაიხდიან. ევერტონი ლონდონში სამედიცინო შემოწმებას ამ კვირაში გაივლის.
“ევერტონმა” მანძუკიჩს დაადგა თვალი
“ევერტონის” ხელმძღვანელები მზად არიან, “იუვენტუსის” ხორვატი თავდამსხმელის, მარიო მანძუკიჩის, ტრანსფერი განახორციელონ. ოფიციალური წინადადების გაკეთებამდე, “კამფეტები” ელოდებიან, შეიყვანს თუ არა მაურიციო სარი ამ უკანასკნელს პრე-სეზონის განაცხადში.
დე როსის “ბოკაში” სურს თამაში
“რომას” ცოცხალი ლეგენდა, დანიელე დე როსი ძალიან ახლოს იმყოფება კარიერის “ბოკა ხუნიორსში” გაგრძელებასთან, რის შემდეგაც ბუცების ლურსმნებზე ჩამოკიდებას გეგმავს.
“ბოკაში” თამაშის გარეშე კარიერას ვერ დავასრულებ,” – ციტირებს იტალიელი ნახევარმცველის სიტყვებს Football Italia.
რაკიტიჩი და კოუტინიო ნეიმარის სანაცვლოდ?
კატალონიის “ბარსელონა” ნეიმარზე ფიქრს არ ეშვება. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წლების მანძილზე “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” ტრანსფერებში ბევრი დახარჯეს, ახლა ცდილობენ გაცვლა აწარმოონ ფრანგულ კლუბთან.
იქიდან გამომდინარე, რომ “პარი სენ-ჟერმენი” კოუტინიოს ნეიმარის ფასად არ თვლის, “ბარსელონაში” გადაწყვიტეს, რომ ტრანსფერში ივან რაკიტიჩიც ჩართონ.