დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 17 ივნისი
“დონარუმას არ გავყიდით”
“მილანის” პრეზიდენტმა, ლი იონგჰონგმა განაცხადა, რომ კლუბი ჯანლუიჯი დონარუმას გაყიდვას არ აპირებს.
ახალგაზრდა მეკარეს “როსონერისთან” კონტრაქტი 2018 წელს ეწურება და დიდი ალბათობით, მას ერთი წლის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე ყოფნა მოუწევს.
“რეალი” რონალდუს დამშვიდებას ცდილობს
მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები ცდილობენ, რონალდუ დაარწმუნონ იმაში, რომ მან ესპანეთი არ დატოვოს. როგორც იცით, პორტუგალიელ თავდამსხმელს გადასახადების დამალვაში ადანაშაულებენ.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რონალდუს გადაბირებას “მანჩესტერ იუნაიტედი” და “პარი სენ-ჟერმენი” შეეცდებიან.
რამდენს იხდის “ჩელსი” მანოლასის ტრანსფერში?
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ლონდონის “ჩელსი” “რომას” ცენტრალური მცველის, კოსტას მანოლასის ტრანსფერისთვის მიმდინარე ბრძოლაში ჩაერთო.
ლონდონელებმა 26 წლის მანოლასს, რომლის გადაბირებითაც “ინტერისა” და “ზენიტის” ხელმძღვანელებიც ინტერესდებიან, ლეონარდო ბონუჩისა და კალიდუ კულიბალის ტრანსფერების ჩაშლის შემდეგ მიაქციეს ყურადღება.
როგორც ცნობილი ხდება, “არისტოკრატები” “მგლებს” მანოლასის სანაცვლოდ 42 მილიონ ფუნტს (48 მილიონი ევრო) სთავაზობენ.
ნიანგი “არსენალში”?
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, “მილანის” თავდამსხმელი, მბაიე ნიანგი ლონდონის “არსენალში” ვიხილოთ.
ფრანგმა ფეხბურთელმა გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით “უიტფორდში” გაატარა, რა დროსაც მის მიმართ ინტერესი არსენ ვენგერს გაუჩნდა.
“რეალ სოსიედადი” ადნან იანუზაის მიმართ ინტერესს ადასტურებს
ესპანური “რეალ სოსიედადის” ხელმძღვანელები ოფიციალურად ადასტურებენ “მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევის, ადნან იანუზაის მიმართ ინტერესის არსებობას.
ჟოკინ აპერიბაიმ, ლა ლიგაში მოთამაშე კლუბის პრეზიდენტმა აღიარა, რომ 22 წლის ბელგიელის გადასაბირებლად “რეალ სოსიედადმა” ყველაფერი გააკეთა და ახლა ჯერი მათზეა.
“მართალია, რომ იანუზაის ტრანსფერით ვართ დაინტერესებული, მაგრამ ახლა ყველაფერი “მანჩესტერზე” და მასზეა დამოკიდებული. ახლა ჩვენ ინგლისელთა გადაწყვეტილებას ველოდებით, შემდეგ კი ჩვენს სვლას განვახორციელებთ. მის გადაბირებას ბევრი სხვა კლუბი ცდილობს და ჩვენთვის ეს ადვილი ნამდვილად არ იქნება,” – აცხადებს ესპანური კლუბის პრეზიდენტი.