დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 18 აგვისტო
ნიანგი მოსკოვის “სპარტაკზე” უარს ამბობს
მიუხედავად იმისა, რომ “მილანმა” და მოსკოვის “სპარტაკმა” მბაიე ნიანგის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს, მბაიე ნიანგს მოსკოვის “სპარტაკში” გადასვლა არ სურს. თუმცა, ფრანგი თავდამსხმელი “ტორინოში” წასასვლელად მზადაა, სადაც მას ყოფილი მწვრთნელი, სინიშა მიჰაილოვიჩი დახვდება.
პსჟ დრაქსლერში 32 მილიონ ფუნტს ითხოვს
ბრიტანული Times-ის ცნობით, “პარი სენ-ჟერმენი” იულიან დრაქსლერის სანაცვლოდ 32 მილიონ ფუნტ სტერლინგს ითხოვს. ამავდროულად, ლონდონის “არსენალი” მზადაა, გერმანელ ფეხბურთელში მოთხოვნილი თანხა გადაიხადოს.
“რეალი” დე ხეას შეძენას გეგმავს
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” “მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარის, დავიდ დე ხეას შეძენას გეგმავს. უახლოეს დღეებში, “სამეფო კლუბი” ინგლისურ კლუბს 46-მილიონიანი წინადადებით მიმართავს.
დიბალა: “ბარსელონა”? ეს მხოლოდ ჭორებია”
უცხოურ პრესაში აქტიურად იწერება ცნობები “ბარსელონაში” პაულო დიბალას შესაძლო გადასვლის შესახებ, მაგრამ თავად “იუვენტუსის” თავდამსხმელი ამ ინფორმაციას უარყოფს.
“ყველას აინტერესებს, ვინ შეცვლის ნეიმარს “ბარსელონაში”. ზოგმა კოუტინიო დაასახელა, ზოგმა – დემბელე, ზოგმაც კი – გრიზმანი. დასახელდა ჩემი გვარიც, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ჭორია.
ჩემი ახლობლები ამ ინფორმაციას ეცნობიან და იჯერებენ, შემდეგ კი მეკითხებიან, “ბარსელონაში” ვაპირებ გადასვლას თუ “რეალში”. რთულია გააგებინო, საიდან ვრცელდება ასეთი ინფორმაცია.
“იუვენტუსი” “ბარსელონას” დონის კლუბია. ჩემს კონტრაქტში ხელშეკრულების გამოსასყიდი პუნქტი ჩაწერილი არ არის, ასე რომ ყველაფერს კლუბი გადაწყვეტს”, – ციტირებს დიბალას კომენტარს “ნიუ იორკ თაიმსი”.
Independent: “ტოტენჰემმა” “აიაქსის” ფეხბურთელში 28 მილიონი ფუნტი გადაიხადა
ლონდონის “ტოტენჰემის” წარმომადგენლებმა “აიაქსის” ხელმძღვანელებთან ცენტრალური მცველის, დავინსონ სანჩესის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამ ინფორმაციას The Independent ადასტურებს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტრანსფერი ლონდონურ კლუბს 28 მილიონი ფუნტი დაუჯდა, რასაც შესაძლოა, 14 მილიონი დაემატოს ბონუსების სახით.
ასე რომ, 21 წლის კოლუმბიელი დავინსონ სანჩესი მაურისიო პოჩეტინოს პირველი შენაძენი გახდა 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე.