დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (18 ივლისი)
“ვესტ ჰემი” თავდამსხმელის ძიებაშია
მიში ბატშუაი? “ჩელსის” შეუერთდა. კრისტიან ბენტეკე? “ლივერპულში” აპირებს დარჩენას. ალექსანდრე ლაკაზეტი? “ლიონი” არ აპირებს მის გაშვებას. კარლოს ბაკა? ჩემპიონთა ლიგას ითხოვს.
ბევრი უშედეგო მცდელობის შემდეგ, სლავენ ბილიჩი “ტულუზას” ვისამ ბენ იედერზე გადაერთო. 25 წლის ფეხბურთელის გადაბირება, რომლითაც “ლესტერიც” ინტერესდება, სულ რაღაც 10 მილიონ ევროდ არის შესაძლებელი.
ხუან მატა “მანჩესტერის” დატოვებას არ აპირებს
“ევერტონი”? “ესპანიოლი”? “ვალენსია”? – ყველაფერი ტყუილია. ხუან მატამ გულშემატკივრები დაამშვიდა. ” ნუ უსმენთ მედიას” – ასეთი განცხადება გააკეთა მან გულშემატკივართან საუბრისას.
"Don't Allways listen to the media " ???????????? @juanmata8 #MUFC pic.twitter.com/YEFdyetELe
— OurUnitedStory (@OurUnitedStory) July 17, 2016
ჯო ალენი “მანჩესტერ იუნაიტედში”?
The South Wales Evening Post-ის ცნობით, ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედი” საკმაოდ საინტერესო სვლის განხორციელებას აპირებს – ისინი “ლივერპულის” უელსელ ნახევარმცველს, ჯო ალენს დაიმატებენ. ჯო ალენს არსებული კონტრაქტი ერთ წელიწადში ეწურება, ამიტომაც დიდია შანსი იმისა, რომ კლოპი მის წასვლას მიემხროს.
რუი პატრისიო პრემიერ ლიგაში?
გამოცდილმა პორტუგალიელმა მეკარემ, რუი პატრისიომ კარიერა შესაძლოა პრემიერ ლიგაში გააგრძელოს. The Sun-ის ცნობით, 6 მილიონ ფუნტად შეფასებული მეკარე “ევერტონისა” და “მანჩესტერ სიტის” ინტერესთა სფეროშია მოქცეული.
ვილფრედ ბონი რონალდ კუმანთან ითანამშრომლებს?
გამომდინარე იქიდან, რომ რომელუ ლუკაკუს მომავალი ჯერაც ბურუსით არის მოცული, “ევერტონის” ახალი თავკაცი, რონალდ კუმანი თადარიგის დაჭერას და გუნდში “მანჩესტერ სიტის” ფორვარდის მოყვანას აპირებს. 27 წლის ბონის გადასაბირებლად “კამფეტებს” დაახლოებით 25 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევთ.
რაგნარ კლავანი თითქმის “ლივერპულელია”
“ლივერპული” გერმანული “აუგსბურგის” 30 წლის ცენტრალური მცველის გადაბირებას აპირებს, რათა მომავალში დამცველების ნაკლებობა გამორიცხოს. იურგენ კლოპი მზადაა ესტონელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 4 მილიონი ფუნტი გადაიხადოს, რასაც დაემატება ბონუსებიც.
“კაიზერსლაუტერნი” კლოზეს მიმართ ინტერესს ადასტურებს
“კაიზერსლაუტერნის” გენერალური დირექტორი, ტომას გრისი ადასტურებს ვეტერანი ფორვარდის, მიროსლავ კლოზეს მიმართ ინტერესის არსებობას – “ეს ჩვენი კლუბისათვის ნამდვილი ჯეკპოტი იქნება, დიდი პრიზი. ცდად ნამდვილად ღირს.” – განუცხადა გრისმა TV SWR-ს.
“სევილია” ლიორენტეს გაანათხოვრებს
La Tarjeta Blanca გვამცნობს, რომ “რეალ სოსიედადი” საკმაოდ ახლოს არის “სევილიას” ესპანელი ფორვარდის, ფერნანდო ლიორენტეს გადაბირებასთან. წყაროს ცნობით, “იუვენტუსის” ყოფილი ფეხბურთელი “ანოეტაზე” 1 წელიწადს დაჰყოფს.