დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 18 ივლისი
მორიენტესი: “რონალდუ “რეალში” ძალიან ბედნიერია”
“ბლანკოსის” ყოფილი ფეხბურთელი, ფერნანდო მორიენტესი გვარწმუნებს, რომ კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის “რეალში” თავს ძალიან კარგად გრძნობს და კლუბის დატოვებაზე არ ფიქრობს.
“რონალდუს წასვლა არ უნდა, ასეთი რამ არ გამიგია. ყოველი სეზონის ბოლოს, პრესაში ძალიან ბევრ ჭორს წერენ დიდ ფეხბურთელებზე, რონალდუც ერთ-ერთი მათგანია.
მშვიდად უნდა ვიყოთ, რადგანაც მას ამაზე არაფერი უთქვამს და როცა იტყვის, მაშინ კი მართლა უნდა ვინერვიულოთ.დარწმუნებული ვარ, რომ რონალდუ “რეალში” თავს ბედნიერად გრძნობს და “რეალიც” ბედნიერია მასთან თანამშრომლობით,” – აცხადებს მორიენტესი.
“მილანი” ბელოტისათვის შეთავაზებას ამზადებს
“მილანი” “ტორინოს” თავდამსხმელის, ანდრეა ბელოტის შესაძენად შეთავაზებას ამზადებს. 23 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ ევროს შეადგენს. “როსონერი” ტურინელებს 50 მილიონსა და რამდენიმე ფეხბურთელს შეთავაზებს.
“პარი სენ-ჟერმენი” სანჩესის შესაძენად ემზადება
Mirror-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “პარი სენ-ჟერმენი” ალექსის სანჩესის შეძენას შეეცდება. ცნობილია, რომ ჩილელ ფეხბურთელს “არსენალის” დატოვება სურს. მის მიმართ ინტერესს კი პარიზელებთან ერთად “მანჩესტერ სიტიც” იჩენს.
“პსჟ”: 222 მილიონი ევრო ნეიმარის სანაცვლოდ და საოცნებო ხელფასი ბრაზილიელს!
კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა, ნეიმარმა განაცხადა, რომ იმ როლით, რაც მას გუნდში აქვს, უკმაყოფილოა. შეტევაში მთავარი შემოქმედი მესია, ასე რამდენიმე წელი იქნება და ბრაზილიელი კი მის ჩრდილქვეშაა. სწორედ ამიტომ, შემტევმა თქვა, რომ იგი “ბარსელონადან” წასვლაზე ფიქრობს.
რა თქმა უნდა, ბრაზილიელით დაინტერესებული კლუბები უმალვე ამოქმედდნენ. ყველაზე მეტ აქტიურობას “პსჟ” იჩენს, რომელიც კატალონიელებს 222 მილიონ ევროს სთავაზობს. ხოლო, თუ ნეიმარი პარიზულ კლუბში გადავა, იგი წელიწადში 30 მილიონ ევროს მიიღებს და ასევე – ბონუსებს.
“ჩელსი” სერხიო აგუეროზე ფიქრობს
ლონდონის “ჩელსი” თავდასხმის ხაზის გაძლიერებას აპირებს და თვალი “მანჩესტერ სიტის” ფორვარდ სერხიო აგუეროზე უჭირავს. ლონდონურ გუნდში სწორედ არგენტინელს მოიაზრებენ დიეგო კოსტას შემცვლელად.
თავის მხრივ, “მანჩესტერ სიტის” პრეზიდენტმა ჰალდუნ ალ მუბარაქმა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადეს, რომ სერხიო აგუეროსთან შელევას არ აპირებენ.
სერხიო აგუეროს გარდა “ლურჯების” თვალთახედვის არეალში პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ალვარო მორატა და ანდრეა ბელოტი იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ სერხიო აგუერო “მანჩესტერ სიტის” ღირსებას 2011 წლიდან იცავს. “ქალაქელებმა” მაშინ არგენტინელის სანცვლოდ მადრიდის “ატლეტიკოს” 36 მილიონი ევრო გადაუხადეს. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი Transfermarkt-ი აგუეროს სატრანსფერო ღირებულებას 65 მილიონ ევროდ აფასებს.
არგენტინელმა თავდამსხმელმა “მანჩესტერ სიტიში” გატარებული ექვსი წლის განმავლობაში 169 გოლი გაიტანა.