დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 19 ივლისი
გიორგი ჩოჩიშვილით “მანჩესტერ სიტი” დაინტერესდა
საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მეკარით, გიორგი ჩოჩიშვილით “მანჩესტერ სიტი” დაინტერესდა. ეს ინფორმაცია ახალგაზრდა ფეხბურთელმა პირველ არხს დაუდასტურა.
“სულ 7 უცხოური კლუბი დაინტერესდა, ინგლისში „მანჩესტერ სიტი“, გერმანიაში – დიუსელდორფის „ფორტუნა“, ესპანეთში კი გიორგი პაპუნაშვილის ახალი კლუბი „სარაგოსა“. ევროპის ჩემპიონატს ბევრი სელექციონერი ესწრებოდა და ეს ვარიანტები სწორედ ამ დროს გამოჩნდა. იმედია, რომ მალე კონტრაქტს გავაფორმებ და შემდეგ კვირას ახალ გუნდში ვივარჯიშებ”, – ციტირებს ჩოჩიშვილის სიტყვებს 1TV.GE.
დე შილიო “იუვენტუსში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის
“მილანის” განაპირა მცველი, მატია დე შილიო დღეს ტურინის” იუვენტუსში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ის კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს. ტურინელებმა სოციალურ ქსელში დე შილიოს ფოტო უკვე გაავრცელეს.
ბენზემა “არსენალში”?
Don Balon-ის ცნობით, თუ ლონდონის “არსენალი” ალექსის სანჩესის შენარჩუნებას ვერ შეძლებს, მაშინ კლუბი კარიმ ბენზემას შეძენას შეეცდება.
შეგახსენებთ, რომ “მეთოფეებს” მადრიდის “რეალის” თავდამსხმელის შეძენის სურვილი აქამდეც ჰქონდათ.
რაიოლა, შესაძლოა, ვერატის აგენტი გახდეს
დიდი შანსია მინო რაიოლა “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელის, მარკო ვერატის აგენტი გახდეს. იტალიური პრესის ცნობით, ვერატი თავისი ამჟამინდელი აგენტის, დონატო დი კამპლის მუშაობით უკმაყოფილოა.
შეგახსენებთ, რომ რაიოლა ისეთ ვარსკვლავებთან თანამშრომლობს, როგორებიც პოგბა, იბრაჰიმოვიჩი, ლუკაკუ, დონარუმა და სხვები არიან.
ნეიმარი: “ბარსელონაში” ბედნიერი ვარ”
კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი, ნეიმარი ბოლო დროს პრესაში გავრცელებულ ამბებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის კლუბის დატოვებას არ აპირებს.
როგორც იცით, ბოლო დღეებია ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი “პარი სენ-ჟერმენში” უნდა გადავიდეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ფრანგული კლუბი ნეიმარში 222 მილიონ ევროს იხდის.
“ვფიქრობ, გასული სეზონი ჩემთვის “ბარსელონაში” საუკეთესო იყო. ქალაქს მივეჩვიე, კლუბშიც თავს ბედნიერად ვგრძნობ. ცხადია, ამ ყველაფერს სპორტსმენის კარგად თამაშში თავისი წვლილი შეაქვს”, – უთხრა ნეიმარმა Goal.Com-ს.