დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 2 იანვარი
“ჩელსი” ალექს სანდროს შეძენას გეგმავს
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის “ჩელსი” “იუვენტუსის” მარცხენა მცველის, ალექს სანდროს შეძენას გეგმავს.
Mirror-ის ცნობით, “არისტოკრატები” 26 წლის ფეხბურთელში 50 მილიონი ფუნტ სტერლინგის გადახდას აპირებენ. ამავდროულად, ტურინელები სანდროს შემცვლელს ეძებენ.
კოშტას ასპილიკუეტას “ატლეტიკოში” ხილვა სურს
მადრიდის “ატლეტიკოში” დაბრუნებულმა დიეგო კოშტამ კლუბის ხელმძღვანელებს “ჩელსის” მცველის, სეზარ ასპილიკუეტას შეძენა ურჩია.
Don Balon-ის ცნობით, “ჩელსის” 28 წლის ფეხბურთელით მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონეც დაინტერესებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ასპილიკუეტას საწყისი ფასი 30 მილიონი ფუნტ სტერლინგია.
კროოსი “მანჩესტერ იუნაიტედში”?
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედს” “რეალის” ნახევარმცველის, ტონი კროოსის შეძენა სურს. Express-ის ცნობით, მანჩესტერულ კლუბში გადასვლის სურვილი გერმანელ ნახევარმცველსაც აქვს.
აღსანიშნავია, რომ კროოსის მიმართ ინტერესს “პარი სენ-ჟერმენი” და “მანჩესტერ სიტიც” იჩენენ.
ჯო ალენი “ვესტ ჰემს” უახლოვდება
Daily Mail-ის ცნობით, მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ჯო ალენი, შესაძლოა, “ვესტ ჰემში” ვიხილოთ. გავრცელებული ინფორმაციით, დევიდ მოიესს უელსელი ნახევარმცველი შეძენა სურს.
“მანჩესტერ სიტის” სანჩესის თაობაზე “არსენალისთვის” წინადადებით არ მიუმართავს
მიუხედავად იმისა, რომ ალექსის სანჩესის “მანჩესტერ სიტიში” შესაძლო გადაბარგების ამბავზე ინგლისში ხშირად საუბრობენ, “ქალაქელებს” ლონდონელებისათვის ოფიციალური წინადადებით ჯერ არ მიუმართავთ.
ცნობილია, რომ გვარდიოლას ჩილელი შემტევის შეძენა სურს. სავარაუდოდ, “სიტი” სანჩესის შეძენას ზამთარშივე შეეცდება.