დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (20 იანვარი)
ოფიციალურად: მემფის დეპაი “ლიონის” ფეხბურთელია
სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელი, მემფის დეპაი “ლიონში” ითამაშებს. ტრასნფერის შესახებ ფრანგული კლუბის ოფიციალური გვერდი იტყობინება.
ოფიციალურად: “მილანმა” დეულოფეუ ინათხოვრა
იტალიური “მილანის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, “ევერტონის” კუთვნილებაში მყოფი ჯერარდ დეულოფეუ სეზონის ბოლომდე “სან სიროზე” ითამაშებს.
პერესს რონალდუს გაყიდვა უნდა
როგორც ცნობილი ხდება, მადრიდის “რეალის” პრეიზდენტს, ფლორენტინო პერესს ხაზინის ავსება გუნდის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის, კრიშტიან რონალდუს ხარჯზე სურს, რომლის გადაბირებითაც ევროპულთან ერთად ჩინური და ამერიკული კლუბები არიან დაინტერესებულნი. ( Don Balon )
“სიტი” აგუეროს გაყიდვაზე ფიქრობს
“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა თვლის, რომ გუნდში სულაც არ არის აუცილებელი ისეთი ფეხბურთელის ყოლა, როგორიც სერხიო აგუეროა და აპირებს, რომ მის ტრანსფერთან დაკავშირებული თითოეული შეთავაზება განიხილოს. (Yahoo)
კურტუას გული “რეალისკენ” მიუწევს
ესპანური გამოცემის, Cadena Cope-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “ჩელსის” ბელგიელმა კიპერმა გადაწყვიტა, რომ მისი კარიერული წინსვლისთვის უკეთესი იქნება, თუ ის კარიერას მადრიდის “რეალში” გააგრძელებს. ასე რომ, ის მზადაა, ლონდონი დატოვოს და ესპანეთის დედაქალაქს დაუბრუნდეს. (Cadena Cope)
“ლივერპული” ჰარტის სანაცვლოდ 15 მილიონს იხდის
იტალიური გამოცემა, Tuttosport ირწმუნება, რომ მერსესაიდული “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი სერიოზულადაა დაინტერესებული ჯო ჰარტის ტრანსფერით. წყაროს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, “წითლები” მზად არიან, ინგლისელი მეკარის სანაცვლოდ 15 მილიონი ევროც გადაიხადონ. ( Tuttosport )
“მანჩესტერ იუნაიტედი” გრიზმანს არ ეშვება
მიუხედავად იმისა, რომ მადრიდულმა “ატლეტიკომ” არაერთხელ უარყო “მანჩესტერ იუნაიტედის” შეთავაზება გრიზმანის ტრანსფერზე, “წითელი ეშმაკები” მაინც არ ნებდებიან. ბრიტანული პრესის ცნობით, ამჯერად ინგლისელები ესპანელებისთვის 86 მილიონი ფუნტის შეთავაზებას აპირებენ ფრანგი ფორვარდის სანაცვლოდ. (Daily Telegraph)
ვერატისთვის იტალიური გრანდები იბრძვიან
ტურინის “იუვენტუსისა” და მილანის “ინტერის” ხელმძღვანელები მარკო ვერატის გადაბირებისთვის იბრძვიან. როგორც ცნობილი ხდება, “პარის სენ-ჟერმენის” იტალიელი ნახევარმცველისთვის გამართულ ბრძოლაში სწორედ ეს ორი გუნდია დაწინაურებული. ( Corriere dello Sport )