დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 20 ივლისი
მბაპეს ყურადღება “ბარსელონამაც” მიაქცია
Daily Mail-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, “მონაკოს” ფრანგი თავდამსხმელის, კილიანმ ბაპეს ტრანსფერზე მუშაობა კატალონიურმა “ბარსელონამაც” დაიწყო.
როგორც იცით, “ბლაუგრანას” ერთ-ერთი ლიდერი, ნეიმარი ძალიან ახლოსაა “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლასთან, მბაპეს კი სწორედ მის შემცვლელად მოისაზრებენ.
“ევერტონი” ჟირუს უახლოვდება
მერსესაიდული “ევერტონის” ხელმძღვანელები ლონდონის “არსენალის” ფრანგი თავდამსხმელის, ოლივიე ჟირუს ტრანსფერს უახლოვდებიან. ამ ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს.
როგორც იცით, ჟირუს ტრანსფერზე დორტმუნდის “ბორუსიაც” აცხადებდა პრეტენზიას, თუმცა ის ფაქტი, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგი “სიგნალ იდუნა პარკზე” რჩება, ჟირუს ტრანსფერს პრაქტიკულად გამორიცხავს.
“არსენალი” ბენზემას გადაბირებას გეგმავს
გუნდიდან ალექსის სანჩესის წასვლის შემთხვევაში, ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები მზად არიან მადრიდის “რეალს” ბენზემას ტრანსფერისთვის საჭირო თანხა გადაუხადონ.
Don Balon-ის ცნობით, ეს გადაწყვეტილება “მეთოფეთა” ფრანგ თავკაცს, არსენ ვენგერს ეკუთვნის.
მოურინიო ვერატის დაუკავშირდა
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო “პარი სენ-ჟერმენის” იტალიელ ნახევარმცველს, მარკო ვერატის დაუკავშირდა და შესაძლო ტრანსფერზე ესაუბრა.
ვერატის “ოლდ ტრაფორდზე” გადასვლის შანსებს ზრდის ისიც, რომ ვერატის აგენტი მინო რაიოლა გახდა, რომელსაც საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობასთან.
“ბაიერნი” სანჩესის ტრანსფერში 48 მილიონს ითხოვს
მიუნხენის “ბაიერნის” გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ დაადასტურა ინფორმაცია “მილანთან” რენატუ სანჩესის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ.
პრესასთან საუბრისას მან ისიც გვაცნობა, თუ რამდენის მიღებას ცდილობს “რეკორდმაისტერი” პორტუგალიელი ფეხბურთელის ტრანსფერში – საუბარია 48 მილიონ ევროზე.