დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 20 ივნისი
პერესმა დონარუმაზე ისაუბრა
მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა “მილანის” მეკარეზე, ჯანლუიჯი დონარუმაზე ისაუბრა.
“ყველა იმას ამბობს, რომ დონარუმა დიდებული მეკარეა და მან ნაკრებში ბუფონი უნდა შეცვალოს. ცხადია, მასზე ყურადღებას ვამახვილებთ, თუმცა ახლა ყველაფერს ვერ გეტყვით”, – აღნიშნა პერესმა.
“რეალი” კანტეს შეძენას შეეცდება
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალი” ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველის, ნგოლო კანტეს შეძენას შეეცდება.
“სამეფო კლუბს” ფრანგი ფეხბურთელის შეძენა 2016 წლის ზაფხულშიც სურდათ, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.
ბელერინი “იუვენტუსში”?
Tuttosport-ის ცნობით, “იუვენტუსი” “არსენალის” მცველის, ექტორ ბელერინის მიმართ ინტერესს იჩენს. აღსანიშნავია, რომ ბელერინთან ერთად, ტურინელებს ვოიცეხ შჩესნიც აინტერესებთ.
ლუკაკუ “ჩელსიში” ითამაშებს
Daily Star-ის ინფორმაციით, “ჩელსიმ” რომელუ ლუკაკუსთან პირადი დეტალები შეათანხმა. ბელგიელი თავდამსხმელი ლონდონურ კლუბში ხელფასის სახით, კვირაში 150 000 ფუნტ სტერლინგს მიიღებს.
ვაკო ყაზაიშვილი MLS-ში?
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ვაკო ყაზაიშვილი, შესაძლოა, MLS-ში ვიხილოთ. Gelderlander-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 24 წლის ქართველი ფეხბურთელის შეძენა “სან ხოსეს” სურს.
ყაზაიშვილმა გასული სეზონი ვარშავის “ლეგიაში” გაატარა, სადაც “ვიტესიდან” იყო განათხოვრებული. ვაკოს არნემულ კლუბთან კონტრაქტი 2018 წელს ეწურება, თუმცა როგორც ჩანს, ის “ვიტესში” აღარ დაბრუნდება. წყაროს ცნობით, ამერიკული კლუბი ქართველ შემტევთან კონტრაქტს მალე გააფორმებს.