დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 21 ივლისი
კოშტას “მილანი” ინათხოვრებს
ლონდონის “ჩელსისგან” უარყოფილმა დიეგო კოშტამ, შესაძლოა, ბინა იტალიური “მილანის” ჰპოვოს, სანამ თავის ყოფილ კლუბს, მადრიდის “ატლეტიკოს” არ დაუბრუნდება.
როგორც იცით, “არისტოკრატები” ესპანელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 44 მილიონ ფუნტს ითხოვენ, რომლის გადახდასაც მხოლოდ ერთი კლუბი, “ატლეტიკო” აპირებს, თუმცა სატრანსფერო დისკვალიფიკაციის გამო, “როხიბლანკოში” კოშტა თამაშს იანვრის თვემდე ვერ შეძლებს.
“სიტი” მზადაა, მენდისთვის ყველაფერი გაიღოს
L’Equipe-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელები მზად არიან ბემჟამინ მენდი ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახადონ
როგორც იცით, “ქალაქელებმა” უკვე გადაიხადეს 50 მილიონი ფუნტი კაილი უოკერის ტრანფერში, რაც რეკორდული მაჩვენებელია (ამდენივე გადაიხადა დავიდ ლუისში “პარი სენ-ჟერმენმა”).
“იუვენტუსი” ემრე ჯანს არ ეშვება
“იუვენტუსის” ხელმძღვანელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გამოყენებას ნახევარდაცვის ხაზის გასაძლიერებლად აპირებენ. ჯანლუკა დიმარციოს ცნობით, ამ მიზნით “ბებერი ქალბატონი” ემრე ჯანთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.
ჯანის კონტრაქტს ვადა სეზონის ბოლოს ეწურება, “იუვენტუსს” კი მისი გადაბირება 25 მილიონ ევროდ სურს. რაც შეეხება ინგლისური კლუბის პოზიციას, იურგენ კლოპს არანაირი სურვილი არ აქვს გერმანელ ფეხბურთელთან განშორების.
“ტოტენჰემი” რიად მარეზის გულის მოგებას ცდილობს
ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელები კვლავ განაგრძობენ მოლაპარაკებებს “ლესტერშირელებთან” რიად მარეზის ტრანსფერის თაობაზე. ამ ინფორმაციას Evening Standard ადასტურებს.
წყაროს ცნობით, მაურისიო პოჩეტინოს ძალიან უნდა გუნდში კიდევ ერთი ნახევარმცველის მოყვანა, მაგრამ “მამლები” 50 მილიონი ფუნტის გადახდას ნამდვილად არ აპირებენ. ასე რომ, ფასის შეთანხმების შემთხვევაში, შეგვიძლია, ტრანსფერი ოფიციალურადაც გამოვაცხადოთ.
“ვოლფსბურგს” ანტონი მარსიალი მოუნდა
გერმანული “ვოლფსბურგის” ხელმძღვანელები “მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგი შემტევის, ანტონი მარსიალის ტრანსფერით არიან დაინტერესებულები. ამ ინფორმაციას გერმანული Kicker ადასტურებს.
როგორც ცნობილი ხდება, “წითელმა ეშმაკებმა” გერმანულ კლუბს მარსიალის არენდით აყვანის შანსი შესთავაზეს, მაგრამ “ვოლფსბურგს” ფრანგ ფეხბურთელზე სრული უფლებების ქონა სურს.