დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 21 ივნისი
დონარუმამ, შესაძლოა, “მილანთან” კონტრაქტი მაინც გაახანგძლივოს
იტალიურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიუხედავად ბოლოდროინდელი ამბებისა, შესაძლოა, ჯანლუიჯი დონარუმამ “მილანთან” კონტრაქტი მაინც გაახანგძლივოს. როგორც ირკვევა, “როსონერის” ხელძღვანელები მეკარის ოჯახის წევრებს შეხვდებიან.
ამავდროულად, რაიოლა პოლონეთში მიემგზავრება, სადაც დონარუმა იტალიის 21-წლამდე ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე თამაშობს.
კონტეს ლევანდოვსკის შეძენა სურს
Mirror-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლებელია, მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი ლონდონის “ჩელსიში” ვიხილოთ.
პოლონელ ფეხბურთელს ბოლო დროს ბავარიულ კლუბში შექმნილი სიტუაცია არ მოსწონს და არაა გამორიცხული, ამ მიზეზით მან გუნდი გამოიცვალოს.
ალექსის სანჩესი “რეალში”?
Don Balon-ის ცნობით, მადრიდის “რეალი” ალექსის სანჩესის შეძენის ვარიანტს განიხილავს. როგორც იცით, კრიშტიანო რონალდუს ესპანეთში გადასახადებთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა, რის გამოც, მან, შესაძლოა, “სამეფო კლუბი” დატოვოს.
“რეალი” “მილანს” შეუთანხმდა
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალი” ხამეს როდრიგესის თაობაზე “მილანის” 60-მილიონიან შეთავაზებას დათანხმდა. თუმცა, ტრანსფერს ის აყოვნებს, რომ თავად ფეხბურთეს “მანჩესტერ იუნაიტედში” თამაში უფრო სურს.
კოლუმბიელ შემტევს “სამეფო კლუბის” დატოვების სურვილი გასულ სეზონში გაუჩნდა, როცა ის სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდიდა.
აღსანიშნავია, რომ “რეალი”, თავდაპირველად, ხამესში 70 მილიონს ითხოვდა, ახლა კი 60 მილიონის მიღებაზეც თანახმაა.
ლოკომოტივი” საბა კვირკველიას ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
მოსკოვის “ლოკომოტივი” და ყაზანის “რუბინი” საბა კვირკველიას ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებენ.
შეგახსენებთ, რომ ქართველ მცველს “რუბინთან” მოქმედი კონტრაქტი აქვს. რუსეთის ჩემპიონატის გასული სეზონის გაზაფხულის ნაწილი კვირკველიამ იჯარის წესით “ლოკომოტივში” გაატარა და გუნდში დარჩენის სურვილი არაერთხელ გამოთქვა. თავის მხრივ, მოსკოვურ კლუბსაც სურს ქართველ ფეხბურთელთან თანამშრომლობის გაგრძელება.