დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 22 აგვისტო
“მილანი” მორიგ ტრანსფერს აღარ გეგმავს
“მილანის” დირექტორმა, მარკო ფასონემ განაცხადა, რომ “მილანი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში აღარავის დამატებას გეგმავს.
“კალინიჩიშ მოსვლით მოხარულები ვართ. მორიგი ტრანსფერები? ამ ეტაპზე არავის შეძენას ვგეგმავთ”, – უთხრა ფასონემ SportItalia-ს.
კოუტინიოს “ბარსელონაში” გადასვლა უკვე შეუძლებელია
კატალონიის “ბარსელონა” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს ფილიპე კოუტინიოს აღარ შეიძენს. მერსესაიდელებმა კატალონიელთა მესამე შემოთავაზებაც უარით გაისტუმრეს.
გვარდიოლამ მესის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ რომელიმე კლუბმა, შესაძლოა, “ბარსელონას” მესის გამოსასყიდი თანხა (300 მილიონი ევრო) გადაუხადოს.
“არ ვიცი… თუ ვინმეს ბევრი ფული აქვს და მისი დახარჯვა სურს, შესაძლოა, მესის გამოსასყიდი თანხაც გადაიხადოს. ამის შანსი არსებობს”, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Goal.Com.
ობამეიანგი: “ჩემი ზრდისთვის “ბორუსიადან” წასვლა აუცილებელია”
დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელ პიერ-ემერიკ ობამეიანგს ჯერ ვერ გადაუწყვეტია, დატოვოს თუ არა გუნდი.
“ჯერ ისევ ვფიქრობ იმაზე, დავტოვო თუ არა “ბორუსია”. ბრწყინვალე გუნდში ვთამაშობ, რომელსაც შესანიშნავი ფანები ჰყავს, მაგრამ ვგრძნობ, რომ ჩემი კარიერული ზრდისთვის წასვლა აუცილებელია.
უნდა წავიდე თუ არა? ამ შეკითხვას გამუდმებით ვუსვამ საკუთარ თავს, მაგრამ ვერ ვპასუხობ. კარგად დაფიქრება მმართებს. 28 წლის ვარ და უნდა გავიზარდო. ასე რომ, თუ წავალ, მხოლოდ იმ გუნდში გადავალ, რომელიც რეგულარულად თამაშის შესაძლებლობას მომცემს”, – ციტირებს ობამეიანგის სიტყვებს Еxpress.co.uk
მარკიზიოს მამამ “მილანთან” დაკავშირებით განცხადება გააკეთა
კლაუდიო მარკიზიოს მამამ და აგენტმა, სტეფანო მარკიზიომ პრესაში გავრცელებული ამბები უარყო და განაცხადა, რომ მისი შვილი არსად წასვლას არ აპირებს.
“სიმართლე გითხრათ, არაფერი ვიცი. ორი წლის წინ, “იუვენტუსთან” 5-წლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ, რომელიც ახლაც მოქმედებს. “იუვენტუსის” წარმომადგენლებს სამი დღის წინ ვესაუბრე და მათ ჩემთვის მსგავსი რამ არ უთქვამთ, ეს მხოლოდ ჭორებია.
კლაუდიო კარგადაა და მას თამაში სურს. “იუვე” ყველა სატრანსფერო ფანჯრის დროს ბევრ ფეხბურთელს ყიდულობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარკიზიომ გუნდი უნდა დატოვოს”, – უთხრა სტეფანო მარკიზიომ calciomercato.it-ს.