დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 22 აგვისტო
“სიტი” ლაუტაროსთვის ბრძოლაში ჩაერთო
პეპ გვარდიოლამ “მანჩესტერ სიტის” არაბ შეიხებს ლაუტარო მარტინესის ტრანსფერისთვის სახსრების გამოყოფა სთხოვა. ამ ინფორმაციას The Sun ადასტურებს.
როგორც იცით, “ინტერის” არგენტინელი თავდამსხმელის ტრანსფერით კატალონიის “ბარსელონაც” ინტერესდება. “ნერაძური” მარტინესის ტრანსფერში 81 მილიონ ფუნტ-სტერლინგს ითხოვს.
“იუვენტუსს” კოშტას “ოლდ ტრაფორდზე” გაშვება სურს
“ბებერი ქალბატონი” სამომავალო გეგმებში დუგლას კოშტას ადგილს ვეღარ ხედავს და მზად არის, ბრაზილიელი შემტევი “მანჩესტერ იუნაიტედს” მიყიდოს.
The Express-ის ინფორმაციით, “ბიანკონერი” დუგლას კოშტას გაშვებით სახელფასო ფონდში ახალწვეულებისთვის ადგილის გამოყოფას გეგმავს.
“პარი სენ-ჟერმენმა” თვალი პავარს დაადგა
“პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელებმა თვალი მიუნხენის “ბაიერნის” მცველ ბენჟამინ პავარს დაადგეს. ამ ინფორმაციას გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Equipe ადასტურებს.
“ბავარიელები” ფრანგი მცველის ტრანსფერში 40 მილიონ ფუნტ-სტერლინგს ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონს დაცვის ცენტრსა და მარჯვენა ფლანგზე შეუძლია თამაში.
კანტე “მანჩესტერ იუნაიტედისკენ” მიიწევს
ფრენკ ლამპარდი “ჩელსიში” ახალი გუნდის შენებას აგრძელებს. Mirror-ის ინფორმაციით, ამ რეფორმებს ერთი მსხვერპლი ეყოლება – ნგოლო კანტე, რომელსაც ან პოზიციის შეცვლა ან კლუბიდან წასვლა მოუწევს.
ფრანგი ცენტრალური ნახევარმცველის გარშემო შექმნილ ვითარებას ახლოდან აკვირდებიან “წითელი ეშმაკუნები”, რომლებიც მზად არიან, კანტეს “ოლდ ტრაფორდზე” შესთავაზონ ბინის დადება.
პირლოს ედინ ჯეკოს ტრანსფერი სურს
Corriere dello Sport-ის ცნობით, “რომას” ბოსნიელი ვარსკვლავი, ედინ ჯეკო, კარიერას ტურინის “იუვენტუსში” გააგრძელებს. ტრანსფერის იდეის ავტორი კი ტურინელთა ახალი თავკაცი ანდრეა პირლო გახლავთ.
კუმანს ახალი სამიზნე ჰყავს – ანხელინიო
“მანჩესტერ სიტის” მცველი, ანხელინიო, შესაძლოა, უახლოეს მომავალში ესპანურ ლა ლიგაში ვიხილოთ. The Athletic-ის ცნობით, ანხელინიო რონალდ კუმანის ინტერესთა სფეროში იმყოფება.
ჟურნალისტ სემ ლის თქმით, კუმანმა 23 წლის მცველის დამატების საკითხზე უკვე მიმართა კლუბის ხელმძღვანელობას და მათი მხარდაჭერაც მიიღო.
რაც შეეხება უშუალოდ ფინანსურ საკითხს, “ქალაქელები” ანხელინიოს 30 მილიონ ევროდ აფასებენ. სწორედ ამ ოდენობის თანხის სანაცვლოდ შეეძლო “ლაიფციგს” ესპანელი ფეხბურთელსი გამოსყიდვა (გასული წელი ანხელინიომ არენდის წესით გერმანიაში გაატარა).