დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 22 ივნისი
კლუივერტი: “ვერატის “ბარსელონაში” გადასვლა სურს, მაგრამ “პსჟ” არ გაუშვებს”
“პარი სენ-ჟერმენის” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა პატრიკ კლუივერტმა “ბარსელონაში” მარკო ვერატის შესაძლო ტრანსფერის შესახებ კომენტარი გააკეთა.
“ვიცი, რომ ვერატის “ბარსელონაში” გადასვლა სურს, მაგრამ “პარი სენ-ჟერმენს” მისი გაშვება არ უნდა. ვერატი 100 მილიონ ევროზე მეტი ღირს. აქედან გამომდინარე, “ბარსელონას” მისი შეძენა გაუჭირდება”, – ციტირებს კლუივერტის სიტყვებს ესპანური პრესა.
კატალონიური კლუბი მარკო ვერატის ლეგენდარული ჩავი ერნანდესის ღირსეულ შემცვლელად მიიჩნევს.
პაულინიო “ბარსელონაში”?
არ არის გამორიცხული, ჩინური “გუანგჟოუს” ნახევარმცველი, პაულინიო “ბარსელონაში” ვიხილოთ. ბრაზილიელი ფეხბურთელი ჩინეთში 2014 წელს გადაბარგდა, თუმცა მას ახლა ევროპაში დაბრუნება სურს.
კონტეს მარკიზიო სურს
ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს “იუვენტუსის” ნახევარმცველის, კლაუდიო მარკიზიოს გადაბირება სურს.
“დორტმუნდი” წინადადებებს განიხილავს
Goal.Com-ის ინფორმაციით, დორტმუნდის “ბორუსია” პიერ-ემერიკ ობამეიანგის თაობაზე შემოსულ წინადადებებს განიხილავს. იმ შემთხვევაში, თუ კლუბი 70-მილიონიან შეთავაზებას მიიღებს, მაშინ დიდი შანსია, თავდამსხმელი გაასხვისონ.
“იუვენტუსი” მზადაა, კუადრადო 30 მილიონ ევროდ გაყიდოს
ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელები მზად არიან ხუან კუადრადო, რომელმაც ახლახან გააფორმა კონტრაქტი “ბებერ ქალბატონთან”, 30 მილიონ ევროდ გაყიდონ.
შეგახსენებთ, რომ კოლუმბიელმა შემტევმა ბოლო ორი სეზონი ტურინში გაატარა, სადაც ის არენდის წესით თამაშობდა. 22 მაისს კი იტალიის ჩემპიონმა ის 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა.
მაგრამ, ტურინელთა თავკაცი, მასიმილიანო ალეგრი გუნდის გაძლიერებას გეგმავს. დუგლას კოშტას, ან ფედერიკო ბერნანდესკის დამატების შემთხვევაში კი “იუვენტუს სტედიუმზე” კუადრადოს ადგილი აღარ იქნება.