დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 23 აგვისტო
“ჩელსი” ჩემბერლენში 35 მილიონს იხდის
ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ანტონიო კონტეს ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის შეძენა ძალიან სურს. “ჩელსი” მზადაა “არსენალს” ფეხბურთელში 35 მილიონი ფუნტ სტერლინგი შესთავაზოს.
ანდრე გომეში “იუვენტუსში”?
ტურინის “იუვენტუსი” კატალონიის “ბარსელონადან” ანდრე გომეშის იჯარით გადაბირების ვარიანტს განიხილავს. 24 წლის ფეხბურთელი კატალონიელთა რიგებში გასულ სეზონში ჩაირიცხა, თუმცა სათამაშო დროის ნაკლებობის გამო კლუბის დატოვება სურს.
დიეგო კოშტა საფრანგეთში?
არ არის გამორიცხული, ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელი, დიეგო კოშტა საფრანგეთის ჩემპიონატში ვიხილოთ. ამის შესახებ განცხადება მარსელის “ოლიმპიკის” პრეზიდენტმა გააკეთა.
“დიეგო კოშტა მებრძოლია. ვფიქრობ, ის ჩვენს გუნდს კარგად მოერგება. ამ ეტაპზე, 27.5 მილიონი ფუნტ სტერლინგის გადახდა შეგვიძლია”, – ციტირებს ჟაკ-ენრი ეიროს სიტყვებს “მირორი”.
“ბარსელონას” მეოთხე შეთავაზება “ლივერპულს”
Sky Sports-ის ცნობით, კატალონიის “ბარსელონა” მზადაა “ლივერპულს” ფილიპე კოუტინიოს თაობაზე მეოთხე წინადადებით მიმართოს. გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელები მერსესაიდელებს 138 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეთავაზებენ.
გიორგი ჩოჩიშვილი პრაღის “სლავიაში” ითამაშებს
საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მეკარე, გიორგი ჩოჩიშვილი პრაღის “სლავიაში” ჩაირიცხა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ჩეხურ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ჩოჩიშვილი “საბურთალოს” აღზრდილია. ბოლოს ის, საქართველოს მესამე ლიგაში, “შევარდენი 1906”-ის ღირსებას იცავდა. მეკარემ ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატზე კარგი მატჩები ჩაატარა, რითაც არაერთი კლუბის ყურადღება მიიპყრო.