დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 23 ივლისი
სებალოსი “არსენალში”, იჯარით?
ლონდონის “არსენალს” მადრიდის “რეალის” ნახევარმცველის, დანი სებალოსის იჯარით დამატება სურს.
“რეალმა” სებალოსი 2017 წელს “ბეტისიდან” 50 მილიონ ევროდ შეიძინა. 22 წლის ფეხბურთელმა მადრიდელთა ძირითად შემადგენლობაში ადგილი ჯერ ვერ დაიმკვიდრა.
სოლსკიაერი დიბალას შეძენაზე ფიქრობს
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელს, ოლე გუნარ სულშერს გუნდში პაულო დიბალას ხილვა სურს.
ცნობილია, რომ “იუვენტუსი” არგენტინელ ფეხბურთელს 78 მილიონ ევროზე ნაკლებად არ დათმობს. ჯერ-ჯერობით უცნობია, გადაიხდიან თუ არა მანჩესტერელები ამ ოდენობის თანხას.
კიეზას “იუვენტუსში” თამაში სურს
“ფიორენტინას” გარემარბს, ფედერიკო კიეზას ტურინის “იუვენტუსში” თამაში სურს. ამ ინფორმაცია Calciomercato ავრცელებს.
მიუხედავად მისი დიდი სურვილისა, “ფიორენტინა” 21 წლის ფეხბურთელის გაყიდვას არ ჩქარობს.
ალაბა “ბაიერნში” რჩება
“ბილდის” ინფორმაციით, დავიდ ალაბა “ბაიერნის” დატოვებას არ აპირებს და ის მომდევნო სეზონში მიუნხენელთა რიგებში ითამაშებს.
მოგეხსენებათ, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ავსტრიელი მარცხენა მცველი ამ ზაფხულს კლუბს გამოიცვლიდა. მისი შეძენა “მანჩესტერ სიტისა” და “ბარსელონას” სურთ.
ზიდანმა გარეტ ბეილის შესახებ კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა
მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა გარეტ ბეილის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ზიზუმ რამდენიმე დღის თქვა, რომ ბეილის წასვლა ყველასათვის კარგი იქნებოდა. ფრანგმა სპეციალისტმა დღეს განმარტა, რომ მას ვინმეს მიმართ უპიტვცემულობის გამოხატვა არ სურდა და ცოტათი უხეში საუბარი მისი ესპანური ენის გაუმართაობას დააბრალა.
“ზოგჯერ ესპანურ ენაზე გამართულად ვერ ვსაუბრობ. მინდა, ბეილის სიტუაცია ავხსნა. უპირველეს ყოვლისა, ვინმეს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა არ მსურდა – მე ყოველთვის ვამბობ, რომ ფეხბურთელი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია და მათ გვერდში ვუდგავარ. მეორე – მე ვთქვი, რომ კლუბი ტრანსფერზე მუშაობდა. მესამე – ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თავად ბეილსაც არ სურდა თამაში. მან გვითხრა, რომ ახალი კლუბის ძიების დროს მას თამაში არ უნდოდა. გარეტი კვლავაც “რეალის” მოთამაშეა, ხვალ რა მოხდება, ვნახოთ”, – ციტირებს ზიდანის სიტყვებს “ასი”.
გავრცელებული ინფორმაციით, დიდი შანსია, ბეილი ჩინურ კლუბში ვიხილოთ, სადაც მას კვირაში ხელფასის სახით 1 მილიონ ფუნტს გადაუხდიან.