დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (24 იანვარი)
“ლივერპული” კარვალიოს ტრანსფერზე მუშაობს
მერსესაიდული “ლივერპულის” ხელმძღვანელები “სპორტინგის” პორტუგალიელი ნახევარმცველის, უილიამ კარვალიოს ტრანსფერზე მუშაობენ. ამ ინფორმაციას A Bola-ს რედაქცია ავრცელებს.
როგორც ცნობილი ხდება, “ენფილდელებს” პორტუგალიელი ფეხბურთელის გადაბირება იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სურთ, ეს კი შესაძლოა, მათ დაახლოებით 30 მილიონი ევრო დაუჯდეთ.
ალვეში ჰალკისა და ოსკარის ნაკვალევს გაყვება?
Sky Sports-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, ჩინური სუპერ ლიგის კლუბი, “შანხაი სიპგ” სერიოზულად არის დაინტერესებული “იუვეს” ბრაზილიელი მცველის, დანი ალვეშის გადაბირებით.
ბრიტანული პრესის ცნობით, ბრაზილიელს, რომელიც “ბებერ ქალბატონს” გასულ ზაფხულს შეუერთდა, ჩინელები კვირაში 160 000-იან ხელფასს სთავაზობენ.
იანგს “ოლდ ტრაფორდის” დატოვება სურს
“მანჩესტერ იუნაიტედის” ვინგერმა, ეშლი იანგმა გუნდის პორტუგალიელ თავკაცს, ჟოზე მოურინიოს მისი ტრანსფერზე დაყენება თხოვა. ამ ინფორმაციას ბრიტანული Daily Mail ავრცელებს.
იანგის გადაბირების სურვილი კი ბოლო დროს რამდენიმე ინგლისურმა (“ვესტ ჰემი”, “სუონსი”, “უოტფორდი”) და ჩინურმა კლუბმა გამოთქვა. ასე რომ, დიდია შანსი იმისა, რომ ინგლისელმა “ოლდ ტრაფორდი” არენდის წესით დატოვოს.
ოფიციალურად: ლესკოტი “სანდერლენდის” ფეხბურთელია
სულ ცოტა ხნის წინ ოფციალურად დადასტურდა, რომ “შავმა კატებმა” ინგლისელი ცენტრალური მცველი, ჯოლეონ ლესკოტი გაიფორმეს.
34 წლის ფეხბურთელი ბოლოს ათენის “აეკში” გამოდიოდა. იგი ბერძნულ კლუბში 2016 წლის ზაფხულში ჩაირიცხა და ნახევარწლიანი კონტრაქტი გააფორმა. შესაბამისად, ლესკოტი “სანდერლენდში” თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა და კლუბთან, ასევე, ნახევარწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
“ლივერპულმა” კოუტინიოსთან მოლაპარაკებები წამოიწყო
როგორც მოსალოდნელი იყო, “ლივერპულის” ხელმძღვანელები მაქსიმუმს აკეთებენ გუნდის ბრაზილიელი ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს შესანარჩუნებლად, რომელსაც კარგა ხანია, რაც კატალონიურ “ბარსელონასთან” აკავშირებენ.
Sky Sports-ის ცნობით, “წითლებმა” უკვე წამოიწყეს ბრაზილიელთან მოლაპარაკებები კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე. ინგლისელები 24 წლის მოთამაშეს გაუმჯობესებულ პირობებსა და გრძელვადიან კონტრაქტს სთავაზობენ.
“მანჩესტერ სიტი” ჰიტონისთვის ბრძოლაში ჩაერთო
არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტის” ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მეკარის პოზიცია რჩება – კლაუდიო ბრავო თავის მოვალეობებს თავს სათანადოდ ვერ ართმევს.
“ქალაქელებს” არაერთი უცხოელი მეკარე დაუკავშირეს, თუმცა, პეპმა არჩევანი “ბარნლის” 30 წლის კარის დარაჯზე, ტომ ჰიტონზე შეაჩერა, რომლის გადაბირებითაც ამავდროულად “ლივერპულისა” და “ევერტონის” ხელმძღვანელებიც არიან დაინტერესებულნი.