დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 24 ივლისი
“არსენალი” ობამეიანგის გაყიდვას არ აპირებს
ლონდონის “არსენალის” მთავარ მწვრთნელს, უნაი ემერის პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, აპირებს თუ არა კლუბი პიერ-ემერიკ ობამეიანგის გაყიდვას. ესპანელმა სპეციალისტმა კი თქვა, რომ “მეთოფეები” გაბონელი თავდამსხმელის გასხვისებას არ გეგმავენ.
“არა, ამაზე არც კი გვიფიქრია. ჩვენ ობამეიანგის თამაშით მოხარულები ვართ და მის გაყიდვას არ ვაპირებთ”, – თქვა ემერიმ.
“მანჩესტერ იუნაიტედს” ერიქსენის შეძენა სურს
“მანჩესტერ იუნაიტედს” ლონდონის “ტოტენჰემის” ნახევარმცველის, კრისტიან ერიქსენის შეძენა სურს. Daily Mail-ის ინფორმაციით, “ტოტენჰემის” წარმომადგენლები მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელებს უკვე ესაუბრნენ. სოლსკიაერს ნახევარდაცვის გაძლიერება სურს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლონდონელები დანიელ ფეხბურთელს დათმობენ.
ასენსიოს ტრავმამ, შესაძლოა, ხამესის ტრანსფერი ჩაშალოს
მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, მარკო ასენსიომ “არსენალთან” გამართულ მატჩში მუხლის სერიოზული დაზიანება მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, ის ახალი სეზონის დიდ ნაწილს გამოტოვებს. დიდი შანსია, ამის გამო, “რეალმა” ხამეს როდრიგესის გასხვისება გადაიფიქროს, რადგან გუნდს ასენსიოს შემცვლელი ესაჭიროება.
ასევე, დიდია იმის შანსიც, რომ “რეალმა” დანი სებალოსიც არ გაუშვას.
დიბალა “იუვენტუსის” დასატოვებლად მზადაა
პაულო დიბალა მზადაა, ამ ზაფხულში ტურინის “იუვენტუსი” დატოვოს. Sky Sport-ის ცნობით, არგენტინელი ფეხბურთელი მაურისიო სარის უკვე ესაუბრა.
გავრცელებული ინფორმაციით, დიბალას შეძენა “მანჩესტერ იუნაიტედსა” და მადრიდის “რეალს” სურთ.
ზიდანი ბეილზე: “მასთან არ მისაუბრია, არაფერი შეცვლილა”
მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა “არსენალთან” გამართული მატჩის შემდეგ გარეტ ბეილზე კომენტარი გააკეთა.
“ბეილი ჩვენთან ერთადაა და ვარჯიშს აგრძელებს. არ ვიცი, რა მოხდება. მას დღეს თამაში სურდა, წინა მატჩში კი – არა. მასთან არ მისაუბრია. გარეტი ჩვეულებრივად ვარჯიშობს, ამიტომაც ითამაშა. არაფერი შეცვლილა, ყველამ იცით, რა სიტუაციაცაა”, – თქვა ზიდანმა.