დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 24 ივნისი
ბაკაიოკომ “ჩელსიში” სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს
Evening Standard-ის მიერ გავრცელებული უახლესი ცნობების მიხედვით, “მონაკოს” ვარსკვლავი, ბაკაიოკო ლონდონის “ჩელსიში” სამედიცინო შემოწმებას მომავალ კვირას გაივლის.
გავრცელებული ინფორმაციის ცნობით, “არისტოკრატები” ბაკაიოკოს 5-წლიან კონტრაქტს, “მონაკოს” კი 35.1 მილიონ ფუნტს სთავაზობენ ამ ტრანსფერის სანაცვლოდ. ბაკაიოკოს მოსვლა კი, სავარაუდოდ ნემანია მატიჩის “მანჩესტერ იუნაიტედში” წასვლას ნიშნავს.
“პსჟ” აგუეროს ტრანსფერში 60 მილიონს იხდის
“პარი სენ-ჟერმენი” მზადაა, 60 მილიონი ფუნტი შესთავაზოს “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელებს სერხიო აგუეროს ტრანსფერის სანაცვლოდ. ამ ინფორმაციას ბრიტანული The Times ავრცელებს.
როგორც იცით, ჩავარდნილი სეზონის შემდეგ, ლიგა 1-ის გრანდი მზადაა, ყველაფერი გააკეთოს გუნდის გასაძლიერებლად და მომავალ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონობასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვისაც იბრძოლოს.
“მანჩესტერ იუნაიტედი” რენატუ სანჩესს უახლოვდება
The Sun-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები პორტუგალიელი ვარსკვლავის, რენატუ სანჩესის ტრანსფერს კიდევ ერტი ნაბიჯით მიუახლოვდნენ.
როგორც იცით, ბავარიელებმა ახლახან დაიმატეს კორენტინ ტოლისო “ლიონიდან”, თანაც საკმაოდ დიდი თანხის სანაცვლოდ, რაც დიდი ალბათობით, რენატუ სანჩესს სათამაშო დროს შეუმცირებს, პორტუგალიელს კი ეს ნამდვილად არ მოსწონს.
ჟოზე მოურინიო თანამემამულის დამატებას 23 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ აპირებს.
ვერატი პარიზულ გრანდს ულტიმატუმს უყენებს
“პარი სენ-ჟერმენის” იტალიელი ნახევარმცველი, მარკო ვერატი კლუბის ხელმძღვანელებს ულტიმატუმს უყენებს – ის დიდ ტრანსფერებს მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გუნდის დატოვებით იმუქრება.
“გადაწყვეტილი არაფერია, მინდა ვნახო, შეძლებს თუ არა “პსჟ” ძლიერი გუნდის შეკვრას. ისინი ყოველ წელს ერთსა და იმავეს გვპირდებიან, მაგრამ შედეგი არ ჩანს,” – აცხადებს “ბარსელონას” სამიზნე.
“არსენალი” ლაკაზეტის სანაცვლოდ 44 მილიონს იხდის
ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელებმა ფრანგულ “ლიონთან” ალექსანდრ ლაკაზეტის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები წამოიწყეს. ამ ინფორმაციას ბრიტანული Guardian ადასტურებს.
ლონდონელები მზად არიან ფრანგი თავდამსხმელის სანაცვლოდ 44 მილიონი ფუნტი გადაუხადონ “ლიონს”.