დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 26 ივნისი
პაულინიო ადასტურებს
ჩინეთში მოთამაშე პაულინიომ განაცხადა, რომ მან “ბარსელონასაგან” შეთავაზება მიიღო, თუმცა ჯერ არ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს.
“ბარსელონას” მხრიდან შემოთავაზება იყო, მაგრამ ახლა ჩინეთში თავს კარგად ვგრძნობ, რაიმეს შეცვლა კი რთული იქნება. ყველაფერი უნდა გავითვალისწინო და ისე უნდა ვიმოქმედო”, – ამბობს ბრაზილიელი ნახევარმცველი.
ნიანგი “არსენალის” წინადადებას ელის
Calciomercato.com-ის ცნობით, “მილანის” თავდამსხმელი, მბაიე ნიანგი ლონდონის “არსენალის” წინადადებას ელის – ფრანგ ფეხბურთელს “მეთოფეთა” რიგებში ყოფნა ძალიან უნდა.
შეგახსენებთ, რომ “მილანი” ფეხბურთელის ტრანსფერზე “ევერტონს” შეუთანხმდა, თუმცა საბოლოოდ, არჩევანი ნიანგმა უნდა გააკეთოს.
რაიოლა: “ევროპის ჩემპიონატის შემდეგ “მილანს” შევხვდებით”
“მილანის” ახალგაზრდა მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას აგენტმა, მინო რაიოლამ სოციალურ ქსელ Twitter-ში თავის კლიენტთან დაკავშირებით მორიგი პოსტი გამოაქვეყნა.
“ევროპის ჩემპიონატის შემდეგ “მილანს” შევხვდებით, ახლა ნაკრებია მნიშვნელოვანი”, – წერს რაიოლა.
“რეალი” მზადაა, ბეილიც გაყიდოს
მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები მზად არიან, გარეტ ბეილიც გაყიდონ, რათა კილიან მბაპესთვის სივრცე შექმნან. ამ ინფორმაციას Telefoot-ი-ს რედაქცია ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი სპეციალურად ჩაფრინდა პარიზში, რათა მბაპეს ოჯახთან გაემართა მოლაპარაკებები და ტრანსფერის პირობები შეეთანხმებინა.
თუმცა, ახალგაზრდა ფრანგ ფეხბურთელს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერაც არ მიუღია. იმ შემთხვევაში, თუ მბაპე “მონაკოს” “რეალში” გაცვლის, პერესი მზადაა გუნდის უელსელ ვარსკვლავს შეელიოს, რომლის ტრანსფერითაც “მანჩესტერ იუნაიტედია’ დაინტერესებული.
ხამესმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” შეათანხმა
Diario Gol-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, მადრიდის “რეალის”ფლეიმეიკერმა, ხამეს როდრიგესმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა.
წყაროს ცნობით, ხამესს დაუყოვნებლივ სურს “სამეფო კლუბის” დატოვება და მზადაა ამის სანაცვლოდ ხელფასის შემცირებასაც დათანხმდეს.
გეტყვით იმასაც, რომ ფლორენტინო პერესის მიერ 70 მილიონ ევროდ შეფასებული ფეხბურთელის გადაბირების სურვილს “მილანიც” გამოთქვამს. “როსონერი” კოლუმბიელის არენდის წესით აყვანაზეც თანახმაა.
“მონაკო” მბაპეს ხელფასის ცხრაჯერ გაზრდას სთავაზობს
Le Journal du Dimance-ს მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “მონაკოს” ხელმძღვანელები მზად არიან, კილიან მბაპეს შესანარჩუნებლად საკუთარი ხაზინიდან საკმაოდ დიდი თანხა გაიღონ.
როგორც ცნობილი ხდება, საფრანგეთის ჩემპიონები ახალგაზრდა ფრანგ შემტევს ხელფასის ცხრაჯერ გაზრდას სთავაზობენ, თუ ის ამ ზაფხულში კლუბს არ დატოვებს.
საქმე ისაა, რომ “რეალის”, “პარი სენ-ჟერმენისა” და “არსენალის” სამიზნე აქამდე კვირაში 18 000 ევროს იღებდა, ახალი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში კი მისი ხელფასი 162 000 ევრო იქნება შვიდ დღეში.