დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 26 ივნისი
“რომამ” და “ინტერმა” შეთანხმებას მიაღწიეს
Sky Sport Italia-ს ცნობით, “ინტერმა” და “რომამ” ედინ ჯეკოს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. “ინტერი” ბოსნიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს გადაიხდის. ასევე, ამ ტრანსფერის ნაწილი იქნება მილანური კლუბის 18 წლის ფორვარდის ედოარდო ვერგანის რომაელთა რიგებში გადასვლა.
ბუფონი “იუვენტუსში” ბრუნდება?
არ არის გამორიცხული, ტურინის “იუვენტუსს” ლეგენდა, ჯანლუიჯი ბუფონი დაუბრუნდეს.
იტალიელმა მეკარემ გასული სეზონის მიწურულს “პარი სენ-ჟერმენი” დატოვა და ახლა თავისუფალი აგენტია. მისი შეძენა რამდენიმე კლუბს სურს.
“ბაიერნისთვის” სანეს ალტერნატივა დემბელეა
იმ შემთხვევაში, თუ მიუნხენის “ბაიერნი” ლეროი სანეს დამატებას ვერ შეძლებს, ბავარიული კლუბი უსმან დემბელეს ტრანსფერზე გადაერთვება.
შეგახსენებთ, რომ დემბელეს ბუნდესლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს. ის “დორტმუნდის” ღირსებას იცავდა.
ნეიმარის მამა პსჟ-სთან მოლაპარაკებებს მართავს
ბრაზილიელი ფეხბურთელის, ნეიმარის მამა მისი ამჟამინდელი კლუბის, “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს მართავს. როგორც იცით, ნეიმარს გუნდის დატოვება სურს. 27 წლის თავდამსხმელის შეძენა “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” სურთ.
დავიდ სილვა “მანჩესტერ სიტის” ტოვებს
“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა, დავიდ სილვამ განაცხადა, რომ 2019-20 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ის კლუბს დატოვებს.
33 წლის ფეხბურთელმა მანჩესტერულ კლუბთან ერთად პრემიერ ლიგა (4), ასოციაციის თასი (2) და ლიგის თასი (4). ის “სიტიში” 2010 წელს გადავიდა და ამ დროის მანძილზე 395 მატჩის ჩატარება მოასწრო.
“ეს ჩემი ბოლო სეზონი იქნება. ათი წელი საკმარისია, წასასვლელად იდეალური დროა. “სიტის” ხელმძღვანელობას ახალი, ორწლიანი კონტრაქტის გაფორმება სურდა, მაგრამ მე მხოლოდ ერთი წელს დავთანხმდი, რადგან მინდა ეს კლუბი 10 წლის თავზე დავტოვო”, – ციტირებს ესპანელის სიტყვებს “ბიბისი”.