დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 27 ივნისი
კოშელნი, შესაძლოა, “მილანში” ვიხილოთ
Telefoot-ის ცნობით, “მილანი” დაცვის ხაზის გაძლიერებას ლორან კოშელნით აპირებს. ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენს შეთავაზებენ იტალიელები “მეთოფეებს” ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ.
ასევე, კოშელნის გადაბირების სურვილს “მანჩესტერ სიტი”, “მარსელი” და ჩინური კლუბები გამოთქვამენ.
ზლატანი “ატლეტიკოში”?
ესპანური გამოცემა AS იტყობინება, რომ მადრიდის “ატლეტიკო” ზლატან იბრაჰიმოვიჩის ვარიანტს განიხილავს. როგორც იცით, მადრიდულ კლუბს იანვრამდე ტრანსფერის განხორციელების უფლება არ აქვს, თუმცა შვედი თავდამსხმელი ტრავმირებულია და ჯერ მის გამოჯანმრთლებას არც ელია.
ყველა მიზეზის გათვალისწინებით, დიდი შანსია, ზლატანი, რომელიც თავისუფალი აგენტია, ლა ლიგაში ისევ ვიხილოთ.
დემბელე გვარდიოლას შეხვდა
დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელი, უსმან დემბელე “მანჩესტერ სიტის” მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას შეხვდა – ამ ინფორმაციას Le 10 Foot ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფეხბურთელის შეძენა “ბარსელონასაც” სურს.
“ლიონმა” “ჩელსის” თავდამსხმელი 10 მილიონად დაიმატა
ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელი, ბერტრან ტრაორე ამიერიდან კარიერას ფრანგულ “ლიონში” გააგრძელებს.
ფრანგულ კლუბს 21 წლის ბურკინა-ფასოელი თავდამსხმელის დამატება 10 მილიონი ევრო დაუჯდა. ამასთანავე, ბერტრანის გაყიდვის შემთხვევაში, “ლიონი” იძულებული იქნება, მიღებული თანხის 15 პროცენტი ლონდონურ კლუბს გადაუხადოს.
ტრაორემ “ლიონთან” 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ის საფრანგეთში 2022 წლამდე უნდა დარჩეს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ აწ უკვე ყოფილი სეზონი ბერტრანმა “აიაქსში” გაატრა არენდის წესით და 13 გოლიც გაიტანა ჰოლანდიური კლუბის მაისურით.
პატო “ინტერში” გადასვლას არ გამორიცხავს
“მილანის” ყოფილი თავდამსხმელი ალეშანდრე პატო “ინტერში” გადასვლას არ გამორიცხავს.
“ტრანსფერი “ინტერში”? რატომაც არა?! პროფესიონალი ვარ და იტალია ძალიან მიყვარს. ჩინეთში თავს კარგად ვგრძნობ და მიხარია, რომ ამ პროექტის ნაწილი ვარ, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება მომავალში”, – ციტირებს ბრაზილიელი თავდამსხმელის სიტყვებს “ლა გაძეტა დელო სპორტი”.
ალეშანდრე პატო მიმდინარე წლიდან ჩინურ “ტიანცზინ ცუანცზიანის” ღირსებას იცავს. მან 14 ჩატარებულ მატჩში შვიდი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.
ალეშანდრე პატო “მილანში” 2007-დან 2013 წლამდე თამაშობდა. მან ამ პერიოდის განმავლობაში 117 მატჩი ჩაატარა და 51 გოლი გაიტანა.