დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 27 ივნისი
გვარდიოლა სილვას შემცვლელს ისკოში ხედავს
“მანჩესტერ სიტის” თავკაც პეპ გვარდიოლას სურს, რომ დავიდ სილვა მადრიდის “რეალის” ესპანელმა ვარსკვლავმა, ისკომ, ჩაანაცვლოს. ამ ინფორმაციას მადრიდული გამოცემა Marca ადასტურებს.
როგორც იცით, ვეტერანმა დავიდ სილვამ ახლახან დაადასტურა, რომ მომდევნო სეზონი ბოლო იქნება მისთვის “სიტის” მაისურით. ისკოს კი, თავის მხრივ, “სანტიაგო ბერნაბეუზე” ძირითადში ადგილი გარანტირებული ნამდვილად არ აქვს.
ჯერარდს “რეინჯერსში” შკრტელი მიჰყავს?
Daily Record-ის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, სტივენ ჯერარდს “რეინჯერსში” თავისი ყოფილი თანაგუნდელის, მარტინ შკრტელის მიყვანა სურს.
34 წლის სლოვაკი ფეხბურთელის ბოლო კლუბი “ფენერბახჩე” გახლდათ, თუმცა ახლა ის თავისუფალი აგენტი გახლავთ. ის უკვე ჩავიდა შოტლანდიაში ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებების საწარმოებლად.
მოიზე კინი “ინტერში”?
გავლენიანი იტალიური გამოცემა Calciomercato დღევანდელ ნომერში “იუვენტუსის” ახალგაზრდა ვარსკვლავის, მოიზე კინის, მამის სიტყვებს ციტირებს, რომლის თანახმადაც კინს კლუბის დატოვება სურს.
როგორც ცნობილი ხდება, მოიზე კინი “ინტერს” თავის სახლად მიიჩნევს და მზად არის კარიერა “იუვენტუსის” მოსისხლე მტრების სტადიონზე, “სან სიროზე” გააგრძელოს.
“ჩელსი” კოვაჩიჩს გამოისყიდის
ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები მატეო კოვაჩიჩის თამაშს დადებითად აფასებენ და მზად არიან, რომ ხორვატი ნახევარმცველი მადრიდის “რეალისგან” გამოისყიდონ.
ხორვატმა ფეხბურთელმა გასული სეზონის 51 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მისი კონტრაქტის გამოსასყიდად “პენსიონერებს” 40 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს, რაც დაახლოებით 45 მილიონ ევროს უდრის.
ოფიციალურად: ლუკა გუგეშაშვილი ლა ლიგაში გადავიდა
პოლონური “იაგელონიას” მეკარე ლუკა გუგეშაშვილი, რომელიც იჯარის წესით გორის “დილაში” თამაშობდა, კარიერას ლა ლიგის “გრანადაში” გააგრძელებს.
აღნიშნული ინფორმაცია ფეხბურთელის ოფიციალურ გვერდზე დადასტურდა. გუგეშაშვილი “გრანადა ბ”-ს ძირითადი მეკარე იქნება.
“გრანადა” გასულ სეზონში ლა ლიგაში გადავიდა, ხოლო, მე-2 გუნდი სეგუნდა ბ-ში თამაშობს.