დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (28 იანვარი)
“არსენალს” ფორვარდი ტოვებს
ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი “მეთოფეთა” ახალგაზრდა ფორვარდის, სტეფ მავიდიდის განათხოვრებას აპირებს. ამ ინფორმაციას ცნობილი გამოცემა, ESPN გვაწვდის.
შეგახსენებთ, რომ მავიდიდი გასულ სეზონში “არსენალის” 21-წლამდელთა გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 30 მატჩში გატანილი 17 გოლით.
მარსიალის მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას
Sky Sports-ის ჟურნალისტების მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგმა ფორვარდმა, ანტონი მარსიალმა უკვე დაიწყო ჩემოდნების ჩალაგება.
ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ 21 წლის შემტევმა პრემიერ ლიგის წლევანდელი სეზონის მხოლოდ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რაც მისთვის სასიამოვნო მაჩვენებელი ნამდვილად არ არის.
ტოლისომ “იუვესთან” შეათანხმა
ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებმა “ლიონთან” კორენტინ ტოლისოს 40 მილიონიანი ტრანსფერი შეათანხმეს. იტალიელი ჟურნალისტის, ალფრედო პედულას ცნობით, ტოლისო ტურინელებს მომავალ ზაფხულს შეუერთდება.
როგორც იცით, 22 წლის ფრანგი ფეხბურთელი გასულ ზაფხულს ძალიან ახლოს იყო “ნაპოლიში” გადაბარგებასთან, მაგრამ საბოლოოდ, მან მაინც ლიგა 1-ში დარჩენა გადაწყვიტა.
ან ზიდანი დარჩება, ან მორატა
Cadena SER საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, მადრიდის “რეალის” ესპანელ ფორვარდს, ალვარო მორატას ზინედინ ზიდანთან თანამშრომლობა აღარ უნდა.
როგორც ცნობილი ხდება, მორატამ, რომელმაც გასული ორი სეზონი “იუვეში” გაატარა, კლუბს მკაცრი ულტიმატუმი წაუყენა: კლუბს ან ზინედინ ზიდანი დატოვებს, ან ის.
“ჩელსი” სირიგუს ტრანსფერს უახლოვდება
ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები “პარის სენ-ჟერმენის” მეკარის, სალვატორ სირიგუს ტრანსფერს კიდევ უფრო მიუახლოვდნენ. ამ ინფორმაციას იტალიური Tuttomercatoweb ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ “არისტოკრატთა” რიგების დატოვების სურვილი მათმა მეორე მეკარემ, ასმირ ბეგოვიჩმა გამოთქვა, რომელიც სწორედ სირიგუმ უნდა ჩაანაცვლოს.
დიბალა “იუვესთან” ახანგრძლივებს?
ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელი ფორვარდი, პაულო დიბალა “ბებერ ქალბატონთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე თანახმაა. ამ ინფორმაციას gianlucadimarzio.com-ის ადმინისტრაცია გვაწვდის.
როგორც ცნობილი ხდება, “ბარსელონასა” და “რეალის” სამიზნე ტურინული კლუბის დირექტორთა შეხვედრას დაესწრო, სადაც ამ პირებმა მისი კონტრაქტის საკითხი განიხილეს და შეთანხმებასაც მიაღწიეს.