დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 28 იანვარი
ალვარო მორატა მადრიდის “ატლეტიკოს” ფეხბურთელია
ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელი, ალვარო მორატა 2019/20 წლების სეზონის ბოლომდე იჯარით მადრიდის “ატლეტიკოში” ითამაშებს.
26 წლის ფეხბურთელმა მადრიდულ კლუბში სამედიცინო შემოწმება გუშინ გაიარა, ხელშეკრულება კი დღეს გააფორმა.
ალვარო მორატა 2005 წელს “ატლეტიკოს” ახალგაზრდულ გუნდში ჩაირიცხა, საიდანაც “ხეტაფეს”, შემდეგ კი მადრიდის “რეალის” აკადემიაში გადავიდა. მას სხვადასხვა დროს “რეალის” პირველ გუნდში და “იუვენტუსში” უთამაშია.
“უოტფორდმა” დეულოფეუს ფასი დაადო
იმისათვის, რომ “მილანმა” ჟერარ დეულოფეუ შეიძინოს, მაშინ მილანურმა კლუბმა “უოტფორდს” 30 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. იტალიური მედიის ცნობით, ინგლისური კლუბი ესპანელ ფეხბურთელს სწორედ ასე აფასებს.
“როსონერი” დეულოფეუს დაბრუნებაზე ფიქრობს, თუმცა როგორც ჩანს, მოლაპარაკებები მარტივარ არ წარიმართება.
“არსენალი” დარწმუნებულია, რომ პერიშიჩს შეიძენს
ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები დარწმუნებულები არიან, რომ მილანის “ინტერიდან” ივან პერიშიჩის იჯარით დამატებას შეძლებენ.
ხორვატი ფეხბურთელის დამატების სურვილი “მანჩესტერ იუნაიტედსაც” აქვს, თუმცა ამჟამინდელი ვითარებით, უფრო დიდი შანსია ის ლონდონურ კლუბში ვიხილოთ.
ერიქსენისთვის “მანჩესტერი” და “ჩელსიც” იბრძოლებენ
Express-ის ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედი” და ლონდონის “ჩელსი” კრისტიან ერიქსენისათვის იბრძოლებენ. ცნობილია, რომ “ტოტენჰემის” დანიელი ნახევარმცველის შეძენა მადრიდის “რეალს” სურს.
ჯერ-ჯერობით ერიქსენს “ტოტენჰემთან” ახალი კონტრაქტი არ გაუფორმებია.
“არსენალს” მალკომის იჯარით დამატება სურს
ლონდონის “არსენალი” კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელის, მალკომის იჯარით დამატებას ცდილობს. გავრცელებული ინფორმაციით, დენის სუარესის ტრანსფერთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დროს, “არსენალის” წარმომადგენლები კატალონიელებს მალკომზეც ესაუბრნენ.
“ინტერს” იოზილი სურს
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მილანის “ინტერი” მესუთ იოზილის შესაძენად ემზადება. Daily Star-ის ინფორმაციით, უახლოეს ხანებში მილანური კლუბი ლონდონელებს ფეხბურთელის იჯარას შეთავაზებს.