დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 3 აგვისტო
ლორენტე “რომაში”?
Corriere Dello Sport-ის ცნობით, ფერნანდო ლორენტეს შეძენა “რომას” სურს.
გავრცელებული ინფორმაციით, რომაელები “ტოტენჰემის” წარმომადგენლებს შესაძლო ტრანსფერის შესახებ უკვე ესაუბრნენ.
ხამესის “ნაპოლიში” ტრანსფერი ჯერ არ ჩაშლილა
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხამეს როდრიგესის “ნაპოლიში” შესაძლო ტრანსფერი ჯერ კიდევ არ ჩაშლილა.
კარლო ანჩელოტის კოლუმბიელი ნახევარმცველის შეძენა კვლავაც სურს და მის გადასაბირებლად ყველაფერს აკეთებს.
ტიმო ვერნერი “ნაპოლიში”?
Radio Marte-ს ცნობით, “ნაპოლი” მზადაა “რედ ბულ ლაიფციგს” ტიმო ვერნერის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო შესთავაზოს.
ნეაპოლელები გერმანელი თავდამსხმელის შეძენაზე სერიოზულად ფიქრობენ, ამიტომ არ არის გამორიცხული ის ამ ზაფხულს სერია A-ში ვიხილოთ.
“ბარსელონა” კოუტინიოს იჯარით გაშვებაზე თანახმაა
“ბარსელონამ” ფილიპე კოუტინიოს იჯარით გასხვისება გადაწყვიტა. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
როგორც იცით, ბრაზილიელი შემტევის დაბრუნების სურვილი “ლივერპულს” ჰქონდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.
ბრენდან როჯერსი შეთანხმებას ადასტურებს
“ლესტერის” მთავარი მწვრთნელი, ბრენდან როჯერსი აცხადებს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედთან” ჰარი მაგუაირთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია და ახლა ფეხბურთელი მხოლოდ პირად დეტალებს აგვარებს.
46 წლის სპეციალისტის თქმით, მომდევნო კვირაში ტრანსფერი გაოფიციალურდება.
“კლუბებს შორის კონტაქტი იყო და სატრანსფერო თანხაც შეთანხმებულია. ახლა ჰარი მაგუაირი “იუნაიტედს” პირად დეტალებზე უნდა შეუთანხმდეს. ამის შემდეგ მას სამედიცინო შემოწმების გავლა შეეძლება. სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში უფრო მეტი გვეცოდინება, თუმცა ფაქტია, რომ კლუბები შეთანხმდნენ”, – ციტირებს როჯერსის სიტყვებს Goal.Com.
გავრცელებული ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედი” “ლესტერს” 75 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაუხდის.