დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 3 აგვისტო
“დორტმუნდი” სანჩოს ტრანსფერში 120 მილიონს ითხოვს
ხანგრძლივი მოლაპარაკებების მიუხედავად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებმა დორტმუნდელი კოლეგები ჯეიდონ სანჩოს სატრანსფერო ფასის დაწევაზე ვერ დაიყოლიეს.
“ბორუსია” პერსპექტიული ვარსკვლავის გუნდიდან გაშვებას 120 მილიონ ევროზე ნაკლებად გამორიცხავს.
“ასტონ ვილას” დივოკ ორიჯის ტრანსფერთან აკავშირებენ
მერსესაიდული “ლივერპულის” საუკეთესო სათადარიგო ფეხბურთელი, დივოკ ორიჯი, შესაძლოა, პრემიერ ლიგის სხვა კლუბში ვიხილოთ.
როგორც ცნობილი ხდება, ბელგიელი შემტევის ტრანსფერით დინ სმიტია დაინტერესებული. “ასტონ ვილაში” ორიჯის რეგულარულ სათამაშო დროს პირდებიან, რაც “ენფილდზე” ნამდვილად აკლია.
“პსჟ”-მ თვალი მატიპს დაადგა
“პარი სენ-ჟერმენის” რიგებს მრავალწლიანი ერთგული მუშაობის შემდეგ ტიაგო სილვა დატოვებს. პარიზელებმა უკვე დაიწყეს მის შემცვლელზე ფიქრი და შესაფარისი კანდიდატურაც შეარჩიეს.
Kick 442-ის ცნობით, ლიგა 1-ის მრავალგზის ჩემპიონები ზაფხულში “ლივერპულის” ცენტრალური მცველის, ჯოელ მატიპის, გადაბირებას შეეცდებიან.
“ჩელსიმ” პოუპი აირჩია
ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელებს რომ კეპა არისაბალაგა გულზე დიდად არ ეხატებათ, ეს უკვე ყველამ იცის. Daily Star-ის ცნობით, “პენსიონერებმა” უკვე შეარჩიეს კეპას საუკეთესო შემცვლელი.
წყაროს ცნობით, ლონდონელებმა იან ობლაკის ნაცვლად ნიკ პოუპის ტრანსფერზე გადაწყვიტეს მუშაობის დაწყება. “ბარნლი” 28 წლის მეკარის სანაცვლოდ 50 მილიონ ფუნტს ითხოვს.
“ბარსელონა” ფატის გამოსასყიდ თანხას ზრდის
კატალონიის “ბარსელონას” დირექტორები ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში ევროპული გრანდები ანსუ ფატის გადაბირებას მოინდომებენ, რის გარანტსაც ფეხბურთელის აშკარა პროგრესი იძლევა.
ნეიმარის შემთხვევა რომ არ განმეორდეს, “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” ფატისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზება გადაწყვიტეს, სადაც მის გამოსასყიდ თანხად 400 მილიონი ევრო იქნება მითითებული.