დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (30 აგვისტო)
ვაკო “ვიტესს” ტოვებს!
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ვაკო ყაზაიშვილი ვარშავის “ლეგიაში” ითამაშებს. პოლონური ვებ-გვერდის, weszlo.com-ის ცნობით, არნემის “ვიტესი” ქართველ ფეხბურთელს “ლეგიაში” ერთი წლით გაანათხოვრებს, თუმცა მის ახალ კლუბს ფეხბურთელის სრულად გამოსყიდვის უფლება ექნება. როგორც ირკვევა, ვაკო 30 აგვისტოს ვარშავაში უნდა ჩავიდეს, სადაც კონტრაქტს ხელს მოაწერს.
ისკო გადავა … “ტოტენჰემში”?
Daily Mirror-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონური “ტოტენჰემის” მესვეურები “რეალის” მიერ დაწუნებული ესპანელი ნახევარმცველის, ისკო ალარკონის გადაბირებას აპირებენ. “დეზები” ისკოს იჯარით აყვანაზეც თანახმანი არიან.
ჭანტურია შესაძლოა, სერია ა-ში ვიხილოთ
იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb ძალიან საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს – როგორც ცნობილი ხდება, სერია ა-ს ახალწვეული, “კროტონე” ქართველი მოთამაშით, გიორგი ჭანტურიათი ინტერესდება. სტატიაში აღნიშნულია, რომ ჭანტურიას “ქართველი მესის” სახელით მოიხსენიებენ; მას აქვს ძალიან ლამაზი მოძრაობები და კარგი ტექნიკა.
“ბარსელონამ” პაკო ალკასერი დაიმატა
“ვალენსიას” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, პაკო ალკასერი ამიერიდან “ბარსელონას” ღირსებას დაიცავს. 23 წლის მოთამაშემ კატალონიურ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, “ვალენსია” კი ტრანსფერიდან 30 მილიონ ევროს მიიღებს. “ბარსელონას” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, პაკო ალკასერის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ ევროს უდრის.
ჰარტი ტურინში მიდის
ინგლისის ეროვნული ნაკრების პირველი მეკარის, ჯო ჰარტის აგენტი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ჰარტი მომავალ სეზონს იტალიაში, კერძოდ კი “ტორინოში” გაატარებს.
სახო ახალი კლუბის ძიებაშია
ბრიტანული Daily Mirror იუწყება, რომ მამადუ სახოს ახალი კლუბის მოძებნისაკენ მოუწოდეს, თუ კი ძირითად შემადგენლობაში თამაშის პრეტენზია აქვს. იურგენ კლოპი მას არენდით წასვლის, ან სხვა კლუბში გადასვლის ნებას აძლევს.