დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 30 ივნისი
პოგბა სულშერს გაშვებას სთხოვს
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Sun ირწმუნება, რომ ფრანგი სუპერვარსკვლავი პოლ პოგბა “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელს გუნდიდან გაშვებას სთხოვს.
როგორც იცით, პოლის გადაბირებას ზაფხულში უცხოური გამოცემები ტურინის “იუვენტუსსა” და მადრიდის “რეალს” უწინასწარმეტყველებდნენ. ფრანგი ნახევარმცველი ორივე ვარიანტისთვის მზადაა, ოღონდ “ოლდ ტრაფორდი” დატოვოს.
მარკო ასენსიო სადიო მანეს სანაცვლოდ?
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მადრიდის “რეალი” კიდევ ერთხელ შეეცდება სადიო მანეს ტრანსფერისთვის გაბრძოლებას. ამჯერად, “ბლანკოსი” სენეგალელი ფეხბურთელის სანაცვლოდ თავის შემტევს, მარკო ასენსიოს, სთავაზობს მერსესაიდელებს.
The Express-ის ცნობით, იურგენ კლოპი სიმპათიებით არის ასენსიოს მიმართ განწყობილი. 23 წლის ფეხბურთელს მადრიდული მხარე 100 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა მანეს ფასს არ ასახელებს.
“ბარსა” ლაუტარუ მარტინესს შეიძენს
არგენტინის საფეხბურთო ნაკრებში ლაუტარუ მარტინესის გაბრწყინება არც “ბარსელონას” ხელმძღვანელებს დარჩენიათ შეუმჩნეველი და უკვე მზად არიან, რომ ყველაფერი გააკეთონ მისი გადაბირებისთვის.
როგორც იცით, ლუის სუარესი მალე 33 წლის ხდება და კლუბი უკვე იწყებს მისი შემცვლელის ძებნას. “ბლაუგრანას” მარტინესის ტრანსფერი 95 მილიონი ფუნტი უნდა დაუჯდეს, მის ალტერნატივად კი მაურო იკარდი განიხილება.
მანოლასი “რომადან” “ნაპოლიში”
“რომას” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაცც კოსტას მანოლასი ამიერიდან “ნაპოლის” ღირსების დასაცავად იბრძოლებს.
28 წლის მანოლასის ტრანსფერი “ნეაპოლიტანელებს” 36 მილიონი ევრო დაუჯდათ. ის კარლო ანცელოტის გუნდში თამაშისთვის წელიწადში 4.5 მილიონს მიიღებს ხელფასის სახით.
ბენ იედერი ლუკაკუს ნაცვლად?
“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელების ყურადღება “სევილიას” თავდასმხმელმა, ვისამ ბენ იედერმა, მიიპყრო. მანჩესტერში ფიქრობენ, რომ ეს უკანასკნელი რომელუ ლუკაკუს სრულფასოვნად შეცვლას შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ ბელგიელი თავდამსხმელი ძალიან ახლოს იმყოფება “ინტერში” გადაბარგებასთან. ფრანგი ბენ იედერის 40 მილიონ ევროდ გადაბირებით კი “წითელი ეშმაკუნები” ფინანსურ მოგებაშიც წავლენ.