დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 31 ივლისი
“მანჩესტერ იუნაიტედი” ბეილში 90 მილიონს იხდის
ბრიტანული მედიის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედი” მადრიდის “რეალს” გარეტ ბეილის სანაცვლოდ 90 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეთავაზებს.
უკვე დიდი ხანია საუბრობენ იმის შესახებ, რომ უელსელი ფეხბურთელი ბრიტანეთში დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა. შესაძლოა, ბეილი ინგლისში ამ ზაფხულშივე ვიხილოთ.
“ბარსელონას” კოუტინიოს შეძენის იმედი აქვს
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” ხელმძღვანელებს იმედი აქვთ, რომ ისინი ფილიპე კოუტინიოს შეძენას მოახერხებენ. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი კატალონიელებს პირად დეტალებზე უკვე შეუთანხმდა.
რონალდუს მბაპეს “რეალში” ხილვა არ სურს
Diario Gol-ის ცნობით, მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავს, კრიშტიანო რონალდუს გუნდში კილიან მბაპეს ხილვა არ სურს.
შეგახსენებთ, რომ მბაპესა და “სამეფო კლუბს” ერთმანეთთან ხშირად აკავშირებენ.
დანი ალვეში: “ნეიმარს მხოლოდ ის ვუთხარი, რომ…”
“პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელმა, დანი ალვეშმა ნეიმარის პარიზელთა რიგებში შესაძლო გადაბარგებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
ალვეშის თქმით, ის თანამემამულეს ხშირად ესაუბრება, თუმცა ყოველთვის ფეხბურთზე – არა.
“მას ყოველდღე ვესაუბრები, თუმცა ლაპარაკი ყოველთვის ფეხბურთზე არ გვიწევს. ამჟამად ის ყურადღების ცენტრშია, ამიტომ ვცდილობ, რომ დავამშვიდო. მას მხოლოდ ის ვუთხარი, რომ თამამი უნდა იყოს, რადგან სამყარო თამამებისაა. მეც სითამამე გამოვიჩინე მაშინ, როცა ჯერ “ბარსელონა”, შემდეგ კი “იუვენტუსი” დავტოვე”, – ციტირებს ალვეშის სიტყვებს “მარკა”.
ჟოზე მოურინიოს კომენტარი ნემანია მატიჩის ტრანსფერზე
უცხოური პრესა წერს, რომ ნემანია მატიჩმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და იგი სულ “მალე “მანჩესტერის” ფეხბურთელი გახდება. თუმცა, ოფიციალურად ჯერ არაფერია ცნობილი.
ჟოზე მოურინიომ ამ თემაზე კომენტარი გააკეთა.
“ვფიქრობ, მას ძალიან, ძალიან უნდა, რომ ჩემი გუნდის წევრი გახდეს. ხოლო, როცა მოთამაშეს ძალინ სურს გუნდის შეცვლა, ტრანსფერის განხორციელების შანსი დიდია! სწორედ ამიტომ, მატიჩის დამატების კარგი შანსი გვაქვს. თუმცა, სანამ რამე ოფიციალურად არ მოხდება, მანამდე ვერაფერს ვიტყვით. ამის გარდა არაფრის თქმა არ შემიძლია,” – აცხადებს მოურინიო.