დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 4 აგვისტო
რონალდუს “პარი სენ-ჟერმენში” უნდოდა გადასვლა
გავლენიანი გამოცემა France Football ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ტურინის “იუვენტუსის” სუპერვარსკვლავ კრიშტიანუ რონალდუს “პარი სენ-ჟერმენში” სურდა კარიერის გაგრძელება.
წყაროს ცნობით, პორტუგალიელი პანდემიის დაწყებამდე სერიოზულად ფიქრობდა ნეიმარისა და კილიან მბაპეს მხარდამხარ თამასის შესაძლებლობაზე, თუმცა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მისი გეგმებიც შეცვალა.
“სიტიმ” პირველი ტრანსფერი უკვე განახორციელა
“მანჩესტერ სიტიმ” 2020 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე პირველი ტრანსფერი უკვე განახორციელა. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც დასტურდება.
“ქალაქელებმა” “ვალენსიას” ესპანელი გარემარბი, ფერან ტორესი, დაიმატეს. ტორესმა ბრიტანულ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, “ღამურებმა” კი ტრანსფერში 27 მილიონი აშშ დოლარი მიიღეს.
“ბენფიკა” “ევერტონს” ევერტონისთვის ბრძოლაში ჯაბნის
ლისაბონის “ბენფიკა” “გრემიოს” ბრაზილიელი ვარსკვლავისთვის ბრძოლაში დაწინაურდა. Goal.com-ის ინფორმაციით, ტრანსფერი უახლოეს დღეებში დადასტურდება.
როგორც იცით, 24 წლის ფეხბურთელს “ევერტონში” გადაბარგებას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა, ამ უკანასკნელს “ბენფიკამ” უკეთესი პირობები შესთავაზა.
ბრაზილიის ჩემპიონატის ბოლო გათამაშებაში ევერტონმა 15 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.
სარი სატრანსფერო ეპიცენტრშია
“უოტფორდის” რიგებში მოთამაშე ისმაილა სარს ბოლო დროს არაერთი სერიოზული მსურველი გამოუჩნდა. ბოლო ინფორმაციით სარის ტრანსფერით “ლივერპულის” თავკაცი იურგენ კლოპიც დაინტერესდა.
“ლივერპულის” გარდა ჩემპიონშიფში დაქვეითბული “უოტფორდის” შემტევით “ვულვზი”, “კრისტალ პალასი” და რამდენიმე ესპანური კლუბია დაინტერესებული.
“მილანი” ზლატანის გულის მოგებას ცდილობს
ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერის შემდეგ “მილანის” გარდასახვა კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად დიდ ძალას წარმოადგენს გუნდში შვედი ვარსკვლავის ყოლის ფაქტორი.
როგორც ცნობილი ხდება, “როსონერის” ხელმძღვანელები ზლატანს დარჩენის შემთხვევაში წელიწადში 7 მილიონ ევროს სთავაზობენ ხელფასის სახით.
ბალოტელი რუმინეთში მიდის
“ბრეშასთან” ურთიერთობის გაფუჭებისა და კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, მარიო ბალოტელის გადაბირების სურვილი რუმინულმა “კლუჟმა” გამოთქვა.
როგორც იცით, იტალიელი ფეხბურთელი ამ დროისთვის თავისუფალი აგენტის სტატუსს ატარებს, თუმცა საკითხავია, რამდენად დააკმაყოფილებს რუმინული კლუბი ბალოტელის სახელფასო ამბიციებს.