დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 5 აგვისტო
გიუნდოგანი “სიტისთან” ახალ კონტრაქტს აფორმებს
Standard-ის ინფორმაციით, ილკაი გიუნდოგანი “მანჩესტერ სიტისთან” ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.
გვარდიოლას 28 წლის ნახევარმცველი ძალიან მოსწონს და მასთან კონტრაქტის სამი წლით გახანგძლივება სურს.
“ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა ნეიმარის შეძენა გამორიცხა
“ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა, ხორდი კარდონერმა განაცხადა, რომ კლუბი ამ ზაფხულში ნეიმარს არ შეიძენს.
“ნეიმართან დაკავშირებით არაფერი ხდება, ამის შესახებ პრეზიდენტმაც ისაუბრა. ვიცით, რომ ის პარიზში ბედნიერი არ არის, თუმცა მასთან არ გვისაუბრია. ამ ეტაპისათვის, მისი ზაფხულში შეძენა გამორიცხულია”, – განაცხადა კარდონერმა.
დიბალა პსჟ-საც სურს
“პარი სენ-ჟერმენს” “იუვენტუსის” შემტევის, პაულო დიბალას შეძენა სურს.
როგორც იცით, არგენტინელი ფეხბურთელის გადაბირების მთავარი ფავორიტი “მანჩესტერ იუნაიტედია”, მაგრამ როგორც ჩანს, ახლა საქმეში პარიზული კლუბიც ჩაერთო. ცნობილია, რომ თავად დიბალას ტურინის დატოვება სურს.
“მანჩესტერ იუნაიტედმა” პოგბა-ხამესის გაცვლაზე უარი თქვა
“მანჩესტერ იუნაიტედმა” მადრიდის “რეალის” შეთავაზება, რომელიც პოგბას სანაცვლოდ ხამეს როდრიგესსა და დამატებით თანხას ითვალისწინებდა, უარით გაისტუმრა.
“იუნაიტედს” ფრანგი ნახევარმცველის სანაცვლოდ 150 მილიონი ფუნტი სურს.
ბალოტელი “ფლამენგოში”?
მარიო ბალოტელი, შესაძლოა, “ფლამენგოში” ვიხილოთ. ყველასათვის მოულოდნელად, იტალიელი თავდამსხმელი ბრაზილიურ კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
28 წლის ფეხბურთელი ბოლოს “მარსელში” თამაშობდა, ახლა კი თავისუფალი აგენტია.