დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 5 ივლისი
ფასონე ადასტურებს
“მილანის” დირექტორმა, მარკო ფასონემ ჯანლუიჯი დონარუმასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან.
“ადრეც ვთქვი, რომ მისთვის “მილანის” კარი ღია იქნებოდა. მან ახალ კონტრაქტზე იფიქრა და ვგრძნობ, რომ შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ. სავარაუდოდ, ერთ ან ორ დღეში ყველაფერი გაირკვევა”, – ციტირებს ფასონეს სიტყვებს Football Italia.
რუნი “ევერტონს” შეუთანხმდა
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი, უეინ რუნი თავისი კარიერის პირველ კლუბს, “ევერტონს” კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა. დიდია იმის შანსი, რომ ლივერპულელებმა 31 წლის ფეხბურთელი მიმდინარე კვირის ბოლოს წარადგინონ.
მესიმ “ბარსელონასთან” გაახანგძლივა
ესპანურ პრესაში გავრეცელებული ინფორმაციით, ლიონელ მესიმ “ბარსელონასთან” კონტრაქტი გაახანგძლივა, კლუბი კი ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.
ახალი ხელშეკრულების თანახმად, მესი კატალონიელთა რიგებში 2021 წლამდე დარჩება, მისი გამოსასყიდი თანხა კი 300 მილიონი ევრო იქნება.
“ინტერმა” პერიშიჩი “მანჩესტერ იუნაიტედში” არ გაუშვა
იტალიური პრესის ცნობით, მილანის “ინტერმა” ივან პერიშიჩის “მანჩესტერ იუნაიტედში” გაშვებაზე ამ ეტაპზე უარი თქვა.
“წითელი ეშმაკები” მზად იყვნენ, ხორვატი ფეხბურთელის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო და გარკვეული ბონუსები გაეღოთ, თუმცა მილანელები 50 მილიონ ევროს ითხოვენ. მხარეებს შორის შესაძლო ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკება გაგრძელდება.
ივან პერიშიჩმა 2016-2017 წლების სეზონში “ინტერის” ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 42 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ოფიციალურად: პეპე “ბეშიქთაშის” ფეხბურთელია
მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი, პეპე ამიერიდან სტამბულის “ბეშიქთაშის” ღირსებას დაიცავს. 34 მცველმა თურქულ კლუბთან კონტრაქტი რამდენიმე საათის წინ გააფორმა, ინტერნეტსივრცეში კი მისი ფოტოები გავრცელდა.
პეპემ კარიერა “მარიტიმოში” დაიწყო. 2002 წელს ის “პორტუში” ჩაირიცხა, 2007 წელს კი მადრიდის “რეალს” შეუერთდა. პორტუგალიელ ფეხბურთელს “სამეფო კლუბთან” კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა.