დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 5 ივლისი
“მანჩესტერ სიტი” გიუნდოგანთან მოლაპარაკებებს აგრძელებს
“მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობასა და ილკაი გიუნდოგანს შორის მოლაპარაკებები გრძელდება. კლუბს სურს, რომ ნახევარმცველმა ახალი კონტრაქტი გააფორმოს.
მოქმედი ხელშეკრულების თანახმად, გიუნდოგანი “სიტის” რიგებში 2020 წლის ზაფხულამდე დარჩება.
“ინტერს” ვიდალი სურს
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, “ინტერის” მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს მთავარი სამიზნე არტურო ვიდალია.
ჩილელი ფეხბურთელი კონტესთან ერთად “იუვენტუსში” მუშაობდა, ის ახლა “ბარსელონას” ღირსებას იცავს.
იგუაინი “რომაში”?
Calcio Mercato-ს ცნობით, “რომას” “იუვენტუსის” თავდამსხმელის, გონსალო იგუაინის შეძენა სურს.
არგენტინელმა ფეხბურთელმა გასული სეზონი იჯარით ჯერ “მილანში”, შემდეგ კი “ჩელსიში” გაატარა. ძალიან დიდი ალბათობით, ის “იუვეში” არ დარჩება.
“აიაქსს” უკეთესი შეთავაზება კატალონიიდან აქვს
უკვე დიდი ხანია, მატეის დე ლიხტმა “იუვენტუსთან” პირად შეთანხმებას მიაღწია, თუმცა მისი ამჟამინდელი კლუბი “აიაქსი” ტურინელთა მხრიდან კარგ შეთავაზებას ელის.
ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ “აიაქსს” 75 მილიონი ევროს მიღება სურს და ჰოლანდიურ კლუბს “იუვენტუსზე” მეტი თანხა “ბარსელონამ” შესთავაზა.