დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (6 აგვისტო)
ფერნანდო ლორენტე “სუონსის” ფეხბურთელია
“სუონსი სიტის” ხელმძღვანელებმა “სევილიას” აწ უკვე ყოფილი შემტევის, ფერნანდო ლორენტეს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს.
31 წლის ფორვარდმა “გედებთან” 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ცნობილი გახდა ისიც, რომ ლორენტე 9-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. რაც შეეხება ტრანსფერის ფინანსურ საკითხს, კლუბები არ ასახელებენ, თუ რა დაჯდა ეს ტრანსფერი.
“ლივერპულს” ედეგორის შეძენა სურს
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არ არის გამორიცხული სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე “ლივერპულმა” მადრიდის “რეალის” ახალგაზრდა ფეხბურთელი, მარტინ ედეგორი შეიძინოს.
ბრიტანული Daily Mail-ის ცნობით, იურგენ კლოპს 17 წლის შემტევი ნახევარმცველის თავის გუნდში ხილვა სურს. აღსანიშნავია ისიც, რომ ედეგორი 2014 წელს “ლივერპულში” ვარჯიშობდა.
ნიკოლოზ გელაშვილმა “დინამო” დატოვა
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ნიკოლოზ გელაშვილმა თბილისის “დინამო” დატოვა.
აღნიშნულ ინფორმაციას ქართული კლუბის ოფიციალური ვებგვერიდიც ადასტურებს. ცნობილია, რომ ფეხბურთელსა და კლუბს შორის კონტრაქტის გაწყვეტა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას ქართველი შემტევი.
ვერმაელენი “რომაში”?
“რომას” მთავარი მწვრთნელი, ლუჩიანო სპალეტი ადასტურებს, რომ მისი კლუბი კატალონიის “ბარსელონასთან” ტომას ვერმაელენის გადაბირების მიზნით მოლაპარაკებებს მართავს.
“ვერმაელენს დიდი გამოცდილება აქვს. მას ჩვენი გუნდის გაძლიერება ნამდვილად შეუძლია”, – ციტირებს სპალეტის სიტყვებს Goal.Com-ი.
გამეირომ “ბარსელონას” უარი უთხრა
“ატლეტიკოს” ახალწვეულმა, კევინ გამეირომ განაცხადა, რომ მან კატალონიის “ბარსელონა” უარით გაისტუმრა.
“ბარსელონაში” თამაშის საშუალება მხოლოდ რამდენიმე წუთით მექნებოდა. ამრიგად, “ბარსელონაში” წასვლას, “სევილიაში” დარჩენა მერჩივნა. დღეს “ატლეტიკოს” ფეხბურთელი ვარ, რაც ძალიან მიხარია”, – თქვა ფრანგმა თავდამსხმელმა.