დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 6 აგვისტო
ერიქსენი “მანჩესტერ იუნაიტედში”?
ხუთშაბათს ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა იხურება. Daily Mail-ის ცნობით, ფანჯრის დახურვამდე “მანჩესტერ იუნაიტედი” კრისტიან ერიქსენის გადაბირებას შეეცდება.
დანიელ ნახევარმცველს “ტოტენჰემთან” კონტრაქტი 2020 წელს ეწურება. მისი შეძენა “რეალს”, “ატლეტიკოსა” და “იუვენტუსსაც” სურთ.
ზიეჩით “ბაიერნია” დაინტერესებული
ჰოლანდიური მედიის ცნობით, მიუნხენის “ბაიერნი” ამსტერდამის “აიაქსის” ვარსკვლავის, ჰაკიმ ზიეჩითაა დაინტერესებული.
26 წლის მაროკოელ შემტევს აქამდე “არსენალს” უკავშირებდნენ. მან გასულ სეზონში ჩატარებულ 49 მატჩში 21 გოლი და 24 საგოლე პასი მიითვალა.
“რეალი” პოგბასთვის საბოლოო შეთავაზებას ამზადებს
მადრიდის “რეალი” მზადაა “მანჩესტერ იუნაიტედს” პოლ პოგბას სანაცვლოდ გაზრდილი თანხა შესთავაზოს. “მარკას” ცნობით, “სამეფო კლუბი” ფრანგი ნახევარმცველის სანაცვლოდ 138 მილიონ ფუნტს გადაიხდის.
ამავდროულად, ცნობილია, რომ პოგბას შეძენა მის ყოფილ კლუბ “იუვენტუსსაც” სურს.
“ბაიერნი” “რეალს” გარეტ ბეილის ტრანსფერზე სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს მიმართავს
ესპანური გამოცემა As ირწმუნება, რომ მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელები ჯერ კიდევ განიხილავენ გარეთ ბეილის ტრანსფერის შესაძლებლობას. დიდი ალბათობით, ბოლო ოფიციალურ წინადადებას “რეალს” სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს გაუკეთებენ.
როგორც გერმანიაში, ასევე ესპანეთში სატრანსფერო ფანჯარა 2 სექტემბერს იხურება. წყაროს ცნობით, თუ აგვისტოს ბოლოს ბეილი ჯერ კიდევ თავისუფალი იქნებოდა, გერმანული კლუბი დაიწყებს მოქმედებას 30 წლის უელსელის გადასაბირებლად.
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს “რეალი” და “ბაიერნი” ხამეს როდრიგესის არენდაზე შეთანხმდნენ. “ბაიერნს” ფეხბურთელის გამოსყიდვა 42 მილიონ ევროდ შეეძლო, თუმცა იუარა.
გერმანიის სუპერთასის მატჩში განცდილი მარცხის (2-0, დორტმუნდის “ბორუსიასთან”) შემდეგ “ბაიერნის” ხელმძღვანელები დარწმუნდნენ, რომ გუნდს რამდენიმე ახალი ფეხბურთელი სჭირდება.