დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 6 აგვისტო
“ბარსელონამ” თვალი სოიონჩუს დაადგა
“ლესტერ სიტის” თურქი მცველი, ჩაღლარ სოიონჯუ, შესაძლოა, უახლოეს მომავალში “ბარსელონას” ლურჯ-ბროწეულისფერ ფორმაში გამოწყობილი ვიხილოთ.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, 24 წლის ფეხბურთელის ტრანსფერისთვის კატალონიურ კლუბს 40 მილიონი ევრო აქვს გამოყოფილი. “ბლაუგრანას” ფეხბურთელთან 5-წლიანი კონტრაქტის გაფორმება სურს.
ტუჰელი გუნდში ალაბას მიყვანას ითხოვს
“პარი სენ-ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუჰელი, კლუბის ხელმძღვანელებს დავიდ ალაბას ტრანსფერის განხორციელებას თხოვს. ამ ინფორმაციას Le10Sport ადასტურებს.
ტუჰელს ალაბას ტრანსფერი ტიაგო სილვას წასვლის დასაბალანსებლად სურს. “ბაიერნს” კი ურჩევნია, რომ ფეხბურთელი “ბარსელონას” ან “რეალს” მიყიდოს.
“ჩელსი” ხიმენესის ტრანსფერზე მუშაობს
ბრიტანულ პრესაში გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელებმა ხოსე ხიმენესის ტრანსფერზე დაიწყეს მუშაობა.
“ატლეტიკოს” მცველს კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 110 მილიონი ფუნტი აქვს მითითბული, თუმცა “პენსიონერებს” “როხიბლანკოსთან” ფასზე მოლაპარაკებების იმედი აქვთ.
ჩონგს ბუნდესლიგაში სურს თავის გამოცდა
“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალგაზრდა ტალანტი, ტაჰიტ ჩონგი, სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო ნერვიულობს. ნიდერლანდელ ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება ბუნდესლიგაში სურს.
ჩონგი, რომელმაც ახლახან გააფორმა “ოლდ ტრაფორდის” ბინადრებთან ორწლიანი კონტრაქტი, ბრემენის “ვერდერში” გადასვლის ვარიანტს სერიოზულად განიხილავს.
“ლაციო” დავიდ სილვას ტრანსფერზე მუშაობს
უკლუბოდ დარჩენილი ესპანელი ნახევარმცველი, დავიდ სილვა, დიდი ალბათობით, კარიერას იტალიის სერია A-ში გააგრძელებს.
ჯანლუკა დი მარციოს მიერ გავრცელებული ბოლოდროინდელი ცნობების მიხედვით, ფეხბურთელის ტრანსფერზე რომის “ლაციო” მუშაობს. მხარეებს შორის ხელშეკრულება, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაფორმდება.