დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 6 ივლისი
მოუ ლუკაკუსთვის 100 მილიონ ფუნტს ამზადებს
“მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა საკუთარი საბანკო ანგარიშიდან 100 მილიონი ფუნტი გაიტანოს “ევერტონის” ბელგიელი ლიდერის, რომელუ ლუკაკუს ტრანსფერისათვის.
Sportsmail-ის ცნობით, ამ დროისთვის “მანჩესტერ იუნაიტედის” ერთადერთი მეტოქე ლონდონის “ჩელსია”, თუმცა ისინი 100 მილიონის გადახდას არ აპირებენ.
“ატლეტიკო” კოშტას ჩინეთში ანათხოვრებს?
ბრიტანული The Telegraph-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, მადრიდის “ატლეტიკოს” ხელმძღვანელები გუნდში ესპანელი თავდამსხმელის, დიეგო კოშტას დაბრუნებას აპირებენ.
სატრანსფერო დისკვალიფიკაციის გამო, მადრიდელებს სურთ, რომ კოშტამ დროის გარკვეული ნაწილი ჩინეთში გაატაროს არენდის წესით და ესპანეთს იანვრის თვეში დაუბრუნდეს.
მუნირი ლაკაზეტის შემცვლელად
ესპანური Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ფრანგული “ლიონი” ალექსანდრე ლაკაზეტის შემცვლელს “ბარსელონას” თავდამსხმელში, მუნირ ელ ჰადადში ხედავს.
მუნირის ტრანსფერით სანკტ-პეტერბურტის “ზენიტია” დაინტერესებული და 15 მილიონსაც სთავაზობს “ბარსას”, მაგრამ თავად ფეხბურთელი რუსეთში გადაბარგების კატეგორიული წინააღმდეგია.
“არსენალი” ლემარის ტრანსფერზე მუშაობს
ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები ალექსანდრე ლაკაზეტის გადაბირების შემდეგ, გუნდის გაძლიერებას ტომას ლემარის დამატებითაც გეგმავენ.
უარყოფილი 35-მილიონიანი წინადადების შემდეგ, “მეთოფეებმა” “მონაკოს” ახალი, გაუმჯობესებული შეთავაზება გაუგზავნეს, სადაც ინგლისელები ფრანგებს ბონუსებსაც სთავაზობენ.
“რეალი” “რეალ სოსიედადის” 40-მილიონიანი მცველით ინტერესდება
მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები “რეალ სოსიედადის” ახალგაზრდა ფეხბურთელის, ალვარო ოდრიოსოლას ტრანსფერზე მუშაობენ იმ შემთხვევისთვის, თუ მადრიდულ კლუბს დანილო დატოვებს.
როგორც იცით, “ბლანკოსის” დაცვის მარჯვენა ფლანგი დანი კარვახალის წყალობით უსაფრთხო ხელშია, მაგრამ კარვახალსაც სჭირდება შემცვლელი, ახალგაზრდა, 21 წლის ოდრიოსოლას კი ნამდვილად შესწევს ამის ძალა.