დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 6 ივლისი
80 მილიონი + ბეილი ან ისკო პოგბას სანაცვლოდ
მადრიდის “რეალი” პოლ პოგბას შესაძენად ყველაფერს აკეთებს. გავრცელებული ინფორმაციით, “სამეფო კლუბი” “მანჩესტერ იუნაიტედს” 80 მილიონ ევროსა და კიდევ ერთ ფეხბურთელს (ისკოს ან ბეილს) შესთავაზებს.
ცნობილია, რომ ფრანგ ნახევარმცველს “იუნაიტედის” დატოვება სურს.
“ნაპოლი” იკარდიში 60 მილიოს იხდის
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, “ნაპოლი” “ინტერისათვის” მაურო იკარდის სანაცვლოდ 60 მილიონი ევროს გადახდას აპირებს.
დიდი ალბათობით, არგენტინელი თავდამსხმელი კლუბს შეიცვლის. მისი დამატების სურვილი “იუვენტუსსაც” აქვს.
ნოიერი “ბაიერნის” დატოვებაზე ფიქრობს
Goal.Com-ის ინფორმაციით, მანუელ ნოიერი “ბაიერნის” დატოვების ვარიანტს განიხილავს.
გერმანელი მეკარე მიუნხენურ კლუბში 8 წლის წინ გადავიდა. ამ პერიოდში მან ბუნდესლიგა შვიდჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა ერთხელ მოიგო.
ტეო ერნანდესი “მილანის” ფეხბურთელია
მადრიდის “რეალის” მარცხენა მცველი, ტეო ერნანდესი “მილანის” ღირსებას დაიცავს. გავრცელებული ინფორმაციით, “როსონერიმ” მის სანაცვლოდ “სამეფო კლუბს” 20 მილიონი ევრო გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ ერნანდესმა გასული სეზონი იჯარით “რეალ სოსიედადში” გაატარა.
რაიოლამ პოგბასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
პოლ პოგბას “მანჩესტერ იუნაიტედის” დატოვება რომ სურს, ეს მისმა აგენტმა მინო რაიოლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა. The Times-თან საუბრისას, იტალიელმა აგენტმა თქვა, რომ ისინი ახლა იმაზე მუშაობენ, რომ ფრანგმა ნახევარმცველმა კლუბი შეიცვალოს.
“მანჩესტერ იუნაიტედში” ყველამ, მათ შორის მწვრთნელმაც, იცის, რომ პოგბას კლუბის დატოვება სურს. ახლა მოლაპარაკებების პროცესში ვართ. ყველამ იცის, რა უბდა პოლს”, – თქვა რაიოლამ.
შეგახსენებთ, რომ პოგბას შეძენა “იუვენტუსსა” და მადრიდის “რეალს” სურთ.