დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 7 აგვისტო
სიმეონემ დიეგო კოშტაზე ისაუბრა
მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარ მწვრთნელს, დიეგო სიმეონეს დიეგო კოშტას შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვეს.
“ამ მომენტისათვის კოშტა ჩვენი ფეხბურთელი არ არის, ამიტომ მასზე საუბარი გამიჭირდება. ჩემი საქმე “ატლეტიკოს” წევრებთან მუშაობაა”, – ციტირებს სიმეონეს სიტყვებს Goal.Com
ლუკას მოურა “არსენალში”?
ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “არსენალი” “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელის, ლუკას მოურას შესაძენად იბრძოლებს.
სავარაუდოდ, პსჟ ბრაზილიელ ნახევარმცველს 30 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის.
“ბარსელონა” კოუტინიოში 120 მილიონის გადახდას აპირებს
Daily Star-ის ცნობით, ნეიმარის გაყიდვის შემდეგ, “ბარსელონა” ფილიპე კოუტინიოს შეძენას გეგმავს. კატალონიური კლუბი “ლივერპულისათვის” 120 მილიონი ფუნტ სტერლინგის შეთავაზებას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ კოუტინიომ “ლივერპულთან” კონტრაქტი რამდენიმე თვის წინ გაახანგძლივა.
დრაქსლერის აგენტი ბარსელონაში შენიშნეს
“პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელის, იულიან დრაქსლერის აგენტი ბარსელონას აეროპორტში დააფიქსირეს. “ბილდის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, როჯერ ვიტმანის ბარსელონაში ვიზიტი მისი კლიენტის სავარაუდო ტრანსფერს უკავშირდება.
კატალონიური კლუბი გერმანელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს იჩენს და მის შესაძენად გარკვეული თანხაც გამოყო.
სნეიდერი “ნიცაში” ითამაშებს
უესლი სნეიდერი კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს. კერძოდ, ჰოლანდიელი ნახევარმცველი “ნიცას” რიგებში ითამაშებს.
“ნიცამ” უესლი სნეიდერთან პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია. ჰოლანდიელი ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და “ნიცას” ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება”, – ვკითხულობთ ფრანგული კლუბის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ უესლი სნეიდერმა ივლისში “გალათასარაისთან” კონტრაქტი გაწყვიტა.