დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 7 ივლისი
“ასტონ ვილას” ჰარტი სურს
Birmingham Mail-ის ცნობით, “ასტონ ვილა” “მანჩესტერ სიტის” მეკარის, ჯო ჰარტის გადაბირებას შეეცდება. ბირმინგემელები ჩემპიონშიპიდან პრემიერ ლიგაში აღზევებას გეგმავენ, კლუბმა სულ ცოტა ხნის წინ ჯონ ტერიც დაიმატა.
დონარუმა “მილანთან” 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს?
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ჯანლუიჯი დონარუმა “მილანთან” 5-წლიანის მაგივრად, 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, თუმცა ამავდროულად, მისი გამოსასყიდი თანხა ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაზე დამოკიდებული აღარ იქნება.
როგორც ირკვევა, დონარუმა წელიწადში 6 მილიონ ევროს მიიღებს, აქედან 5 პროცენტი კი მის აგენტს, მინო რაიოლას გადაერიცხება.
“პარი სენ-ჟერმენი” კოუტინიოში 80 მილიონს იხდის
“პარი სენ-ჟერმენი” “ლივერპულის” შემტევი ნახევარმცველით, ფილიპე კოუტინიოთი სერიოზულადაა დაინტერესებული. Le10sport-ის ცნობით, პარიზული კლუბი მერსესაიდელებს ბრაზილიელ ფეხბურთელში 80 მილიონ ევროს შეთავაზებს.
“მილანი” ობამეიანგის შეძენას შეეცდება
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მილანი” პიერ-ემერიკ ობამეიანგის შეძენისათვის ისევ იბრძოლებს. დიდი ალბათობით, “როსონერის” ახალი ხელმძღვანელები უახლოეს დღეებში “ბორუსიას” დირექტორებს შეხვდებიან.
“იუვენტუსი” ბერნანდესკის სანაცვლოდ 42 მილიონს იხდის
ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებმა “ფიორენტინასთან” წამოიწყეს მოლაპარაკებები ფედერიკო ბერნანდესკის ტრანსფერის თაობაზე.
იტალიური ჟურნალ-გაზეთების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “ბებერმა ქალბატონმა” უკვე გაუკეთა “ფიორენტინას” პირველი შეთავაზება – “შავ-თეთრები” ნახევარმცველის სანაცვლოდ 42 მილიონ ევროს იხდიან.
თუმცა, “იები” ბონუსების სახით 10 მილიონ ევროს ითხოვენ, რაზეც ტურინელები დიდი ალბათობით თანხმობას უახლოეს მომავალში განაცხადებენ და ტრანსფერიც განხორციელდება.