დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 8 იანვარი
ანანიძე ისევ რუსეთში?
მიუხედავად იმისა, რომ არნემის “ვიტესის” მთავარ მწვრთნელს ლეონიდ სლუცკის ჯანო ანანიძის დამატების დიდი სურვილი აქვს, შესაძლოა, ტრანსფერი მაინც არ შედგეს.
გუშინ “ვიტესის” დირექტორმა განაცხადა, რომ არაევროკავშირელი ფეხბურთელის დამატებასთან დაკავშირებით პრობლემებია მოსაგვარებელი. ამავდროულად, რუსულ პრესაში იწერება ისიც, რომ “სპარტაკი” ანანიძის “ვიტესში” იჯარით გაშვებას ეწინააღმდეგება, რადგან მათთვის ეს ტრანსფერი ფინანსურად დამაკმაყოფილებელი არაა.
თუ ისე მოხდა, რომ ქართველი ნახევარმცველის “ვიტესში” ტრანსფერი არ შედგა, მაშინ დიდი ალბათობით, ის კარიერას ისევ რუსეთის ჩემპიონატში, “კრილია სოვეტოვში” გააგრძელებს.
სად წავა რობენი?
არიენ რობენს ზაფხულში მიუნხენის “ბაიერნთან” კონტრაქტი ეწურება. უკვე ცნობილია, რომ ის კლუბთან ახალ შეკრებულას არ გააფორმებს და თავისუფალი აგენტი გახდება.
34 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელის დამატების სურვილი არაერთ კლუბს აქვს, თუმცა ყველაზე მეტად მილანის “ინტერი” და “პსვ ეინდჰოვენი” აქტიურობენ. თავად ვეტერანმა მოთამაშემ განაცხადა, რომ ის ახალ კლუბს სეზონის დასრულებამდე დაასახელებს.
“რეალს” პიონტეკის იჯარით დამატება სურს
ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის “რეალს” კშიშტოფ პიონტეკის იჯარით დამატება სურს. “სამეფო კლუბს” შეტევაში პრობლემები აქვს, ამიტომ ისინი “ჯენოას” პოლონელი თავდამსხმელის ტრანსფერს განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ “რეალმა” გუშინ “მანჩესტერ სიტიდან” ბრაჰიმ დიასის ტრანსფერი გააოფიციალურა.
ბალოტელი, შესაძლოა, იტალიაში დაბრუნდეს
“ნიცას” თავდამსხმელს, მარიო ბალოტელის მარსელის “ოლიმპიკში” ტრანსფერი ჩაეშალა, ამიტომ შესაძლოა, ის იტალიის სერია A-ში დაბრუნდეს.
28 წლის ფეხბურთელის დამატება “პარმას”, “ბოლონიასა” და “სასუოლოს” სურთ.
დიბალას ტრანსფერზე სამი გრანდი მუშაობს, “იუვენტუსი” 100 მილიონს ითხოვს
ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელები პაულო დიბალას გაყიდვაზე სერიოზულად ფიქრობენ. ამ ინფორმაციას, გავლენიანი იტალიური გამოცემა, Tuttosport, ადასტურებს.
როგორც ცნობილი ხდება, “ბებერმა ქალბატონმა” უკვე მიიღო წინადადება სამი ევროპული გრანდისაგან – საუბარია “მანჩესტერ სიტიზე”, “პარი სენ-ჟერმენსა” და “ბაიერნზე”.
თუმცაღა, იტალიელები არ აპირებენ დიბალა ზამთარში გაყიდონ, რადგანაც თვლიან, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მისი დახმარება აუცილებელი იქნება. ზაფხულში კი მზად არიან 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ მიყიდონ არაიტალიურ კლუბს.