დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 9 აგვისტო
“იუვენტუსი” ემრე ჩანში 25 მილიონს იხდის
ტურინის “იუვენტუსს” “ლივერპულის” ნახევარმცველის, ემრე ჩანის შეძენა სურს. მერსესაიდელები გერმანელ ფეხბურთელში 30 მილიონ ევროს იხდიან. იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ტურინელებმა ლივერპულელებს 25 მილიონი შესთავაზეს და შესაძლოა, შეთანხმება ამ თანხაზეც მოხდეს.
მოურინიო: “ბეილი? ჩემთვის თამაში დასრულებულია!”
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ გარეტ ბეილის “იუნაიტედში” შესაძლო გადაბარგების შესახებ კომენტარი გააკეთა.
“ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია. “რეალის” ხელმძღვანელობასა და მთავარ მწვრთნელს ბეილი სურთ, ფეხბურთელსაც კლუბში დარჩენა უნდა. ჩემთვის, თამაში დასრულებულია”, – თქვა მოურინიომ.
“ჩელსის” ოქსლეიდ-ჩემბერლენი სურს
ლონდონის “ჩელსის” თანაქალაქელი “არსენალიდან” ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის გადმობირება სურს. Daily Mail-ის ცნობით, “არისტოკრატებმა” “მეთოფეებს” 25-მილიონიანი წინადადება უკვე გაუგზავნეს.
“ბარსელონა” დემბელესა და კოუტინიოს შეეცდება
Goal.Com-ის ინფორმაციით, მიმდინარე ზაფხულში კატალონიის “ბარსელონა” უსმან დემბელესა და ფილიპე კოუტინიოს შეძენას შეეცდება.
გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიური კლუბი დემბელეში 90, ხოლო კოუტინიოში 110 მილიონი ევროს გადახდას აპირებს.
“პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტი იან ობლაკის აგენტს შეხვდება
“პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები კიდევ ერთხელ გეგმავენ საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობით სარგებლობას. ამჯერად, პარიზელები თავიანთ კლანჭებში “ატლეტიკოს” კარის დარაჯის, იან ობლაკის მოქცევას გეგმავენ.
As-ის მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “პსჟ”-ს პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ უკვე დაგეგმა შეხვედრა სლოვენიელი მეკარის წარმომადგენლებთან რომლებიც პარიზში იმყოფებიან.